ნათია თურნავა - ჭიათურლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა, ეს არის ერთობლივი გამარჯვება, თვითშეგნების, პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგი
გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა. შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის. ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა.
„მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს – ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა. ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მხარეებს შორის შეთანხმების პროცესს ხელი შეუწყო, როგორც მედიატორმა.
„ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება. განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას. ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიის დროებითი მმართველი მთავრობის დანიშნულია და მას ძალიან მკაცრად მოსთხოვენ მიღწეული შეთანხმების შესრულებას.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. კომპანიას ასევე მიეცა მითითება კვების ნაწილშიც. რაც შეეხება გადაიარაღების თემას, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული გეგმა გაიწერება ვადებში, რომლის შესრულებაც მთავრობის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ასევე, მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები.
„გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანია შრომის ელემენტარული პირობების დაცვის ნაწილში. კომპანიამ თავის მხრივ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იმ მხრივ, რომ სპეციალური, სოციალური საკითხებით დაკავებული მენეჯერი გამოიყოფა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ჭიათურლების საჭიროებებს. აბსოლუტურად სამართლიანი იყო შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნა, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც. გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება და კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები იყვნენ ჩართულნი. ხვალიდან მაღაროში სამუშაო პროცესი განახლდება.