გაფიცული მაღაროელები პროტესტს წყვეტენ და სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან
გაფიცული მაღაროელები პროტესტს წყვეტენ და სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პროტესტს წყვეტენ და სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჭიათურაში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მოშიმშილე მაღაროელებს კი, ანაზღაურებადი შვებულებები მიეცემათ და ყურადღება მიექცევა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ელემენტარულ მოთხოვნებს, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს – ეს არის კომპანიის ცალსახა ვალდებულება. ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად დარეგულირდა.

„განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კვებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, თურნავას თქმით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. ასევე მიეცა მითითება კვების ნაწილშიც. გადაიარაღებასთან დაკავშირებით კი, უნდა გაიწეროს კონკრეტული გეგმა.

„აბსოლუტურად სამართლიანი იყო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც, და გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება. კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, კომპანიის დროებითი მმართველი ჩვენი დანიშნულია და ჩვენ მას ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ამ პირობების შესრულებას. ასევე მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, მაღაროელები სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან.

„შეთანხმების თანახმად, დასაქმებულები ხვალიდან დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. გამონაკლისი გაკეთდება მოშიმშილეებზე, რომლებიც არიან დაუძლურებული ფიზიკურად. მათ მიეცემათ ანაზღაურებადი შვებულებები, სპეციალურად ვიზრუნებთ, რომ მათი ჯანმრთელობა აღდგეს და აღიდგინოს ძალები, რათა შეძლონ საქმიანობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.  ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის წინ დაიწყო. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ.

ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჭიათურაში ჩავიდნენ. მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.