ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება. როგორც ჭიათურაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღაროელები პროტესტს შეწყვეტენ.

შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთი მაღაროელის ინფორმაციით, მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ხელფასი პირველ ეტაპზე 25 პროცენტით მოემატებათ, ხოლო წლის განმავლობაში  – კიდევ 10 პროცენტით. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხელფასი მოიმატებს არა უგვიანეს პირველი ივლისისა.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის წინ დაიწყო. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,  ხელფასის 50 პროცენტით გაზრდასა და ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ჭიათურაში მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, აგრეთვე, ჭიათურის თეატრმა.

ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჭიათურაში ჩავიდნენ.

მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.