ნათია თურნავა - ჩანაწერი, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში, დოკუმენტის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი და ხელოვნურია
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშში საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს.
ამასთან, როგორც მინისტრი ამბობს, ჩანაწერი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში, დოკუმენტის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია ეს ეს ფრაზა, თურნავას თქმით, „ხელოვნურად არის იმპლანტირებული“.
„წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერდება და საკმაოდ მაღალ დონეზე ადის. ეჭვი მაქვს, რომ იმ ერთი ფრაზის იქით, ბევრი არც გაცნობია ამ ანალიტიკურ კვლევას, ეს არ არის ნორმატიული აქტი. თქვენ თუ ამას გაეცნობით, ნახავთ, რომ თვითონ ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური და მათ შორის წერია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. ამ ყველაფერთან აბსოლუტურად დისონანსშია ეს ერთი ფრაზა, სრულიად ამოვარდნილია იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებენ. ზოგადად ჩვენი, ამერიკისა და საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია. იქ არის საუბარი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ ამ შემთხვევაში რა შუაშია ის, რომ მაღალ დონეზე არის აშშ-სა და ჩვენი სამხედრო ურთიერთობები. აქაც ჩანს, რომ ეს ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული“,- განაცხადა თურნავამ.
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.