ნათია თურნავა - „ბახვი 1“ ჰესის პროექტი ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ჩოხატაურის რაიონში „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ჰესი 12 მეგავატიანი იქნება და პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.
„დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი – „ბახვი 1“-ის 12 მეგავატიანი მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი გურიაში, ასევე იმიტომ, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. მისი ინიციატორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „სერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“, უფრო სწორად მასთან აფილირებული კომპანა „სერბერუსფრონტი“ რომელიც საქართველოში, ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს პროექტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი ინფორმაციით, ეს იქნება აღნიშნული ამერიკული კომპანიის მეხუთე პროექტი საქართველოში.
„ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ ინვესტორებს აქვთ სურვილი, გააფართოონ თავისი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკელი ინვესტორებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.