აზერბაიჯანული ავიაკომპანია ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო – თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე.
„ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი „ბაქო-თბილისი-ბაქოს“ მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 23 ივნისიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ყოველდღიურ ოპერირებაზე გადავა, ხოლო 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება – საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე.
„ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.