ნათია თურნავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა
ნათია თურნავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.

მისივე თქმით, განცხადებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პროამერიკულად განწყობილ და ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

„სხვათაშორის, იგივე დამოკიდებულება გააჟღერა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც ამასწინათ. აშშ-ის მთავრობა მკაფიოდ უჭერს მხარს ჩვენს პოლიტიკასა და დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ტარდება საქართველოში, მათ შორის, ცალსახად არის აღნიშნული, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ აშშ-იდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებით, ასევე სხვა მიმართულებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი რჩევა და პოზიცია, რასაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოხატავს.

„ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმას ვახორციელებთ აშშ-ის მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნებისმიერი რჩევა და პოზიცია, რასაც გამოხატავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ კონკრეტულ განცხადებაში მე ვკითხულობ, რომ ძირითადად არის მხარდაჭერილი ის დემოკრატიული რეფორმები, რაც ტარდება ჩვენთან, მათ შორის აღნიშნულია სასამართლო რეფორმის პროგრესის შესახებ და რასაკვირველია, ყველა სხვა დანარჩენი დარგი არის მაქსიმალურად დეპოლიტიზებული. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური კონტენტისგან დაცლილია ჩვენი რეფორმები და მრავალი სფეროს დეპოლიტიზირება მოხდა“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.