ნათია თურნავა - არ იყო მიზანშეწონილი რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა, ვიდრე ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ ქვეყანასთან შეიძლება ფრენა
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, პირველ ივლისს რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები, მოსახლეობა შეიძენდა ბილეთებს, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც, ახლა როგორც აღმოჩნდა, ჯერ არ უხსნის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს თავის საზღვრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფრენების აღდგენის საკითხზე განუცხადა.
„მოდით, ერთად ვიმსჯელოთ. პირველი, რომ ჩვენ რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე გადავდეთ, მაგრამ ჩარტერული ფრენები ძალიან აქტიურად ხორციელდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე „ვიზეართან“ ამ რეჟიმში, ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ რაღაცაზე. მოსახლეობისთვის არსებითად სულ ერთია, ჩარტერული ჰქვია ფრენას თუ რეგულარული, თუკი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომ ფასში, დროულად გამოცხადებული და დროულად შესრულებული. ჩვენ, ხელისუფლება ახლა, დღეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, პანდემიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, პრაქტიკულად ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც საჰაერო გზებით გვაკავშირებს სხვადასხვა ქვეყანას სამი მიმართულებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, პირველი და მეორე მიმართულებები საქართველოს მოქალაქეთა შეღავათიან ფასად ჩამოყვანას და კომერციულ ჩარტერებს გულისხმობს.
„ერთი ეს არის, რაც დღეს გამოცხადდა და დავალება მივიღეთ – სოციალური რეისები, გეგმაზომიერად ჩამოვიყვანთ ადამიანებს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ბილეთები მაღალ ფასად და დავეხმაროთ, რომ სუბსიდრებადი ფასი იყოს, წამოვიყვანოთ ისინი და ეს იქნება პერიოდული პროგრამა. მეორე მიმართულება, ეს არის კომერციული ჩარტერული ფრენები – ვისაც სურს, უბრალოდ ტურისტად ეწვიოს იმ ქვეყნებს, ვინც ეტაპობრივად გვიხსნის საზღვარს, წავიდეს, მოინახულოს სხვა ქვეყნები, ნათესავები მოინახულოს, ბიზნესმიზეზით გავიდეს ქვეყნიდან. კომერციული, ჩარტერული რეისები არსებობს და პერიოდულად გამოქვეყნდება. არამარტო აირზენა შეასრულებს, ჩვენ სხვებთანაც გვაქვს მოლაპარაკება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მესამე მიმართულებას, მინისტრის თქმით, ეს არის რეგულარული ფრენები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, პირველ აგვისტომდე გადადებულია.
„აბსოლუტურად ლოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება. თქვენ ხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები, მიიღეს რა ეს 15-ქვეყნიანი რეკომენდაცია, რაც უდიდესი აღიარება და მონაპოვარია ჩვენი ეფექტური პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ახლა ამის შიგნით თავის საკუთარ წესებს აწესებენ. ზოგმა ქვეყანამ გახსნა ამ 15 ქვეყნისთვის, ზოგმა ქვეყანამ რომელიღაცისთვის გახსნა და რომელიღაცისთვის არ გახსნა. მაგალითად, ავსტრიამ საერთოდ სექტემბრის ბოლომდე გადასწია. არ იყო მიზანშეწონილი რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა, ვიდრე ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ ქვეყანასთან შეიძლება ფრენა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, პირველ ივლისს რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები. ეს რომ მომხდარიყო, სტიქიურად მოხდებოდა ბილეთების გაყიდვა. მოსახლეობა შეიძენდა ბილეთებს, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართულებითაც, რომლებიც, ახლა როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით არ უხსნის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს თავის საზღვრებს, მაგალითად, ვენის მიმართულებით; შვედეთის მიმართულებით, ვინც მინიმუმ ერთი კვირით გადადო. მაისში ჩვენ დავაანონსეთ ის, რაც ხუთიანზე შევასრულეთ. მაისიდან ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიქნებოდით პირველები, ვინც ვიქნებოდით აღიარებული ევროკავშირის მიერ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის, ტურისტული მგზავრებისთვის და ჩვენ ეს შევასრულეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.