ნათია თურნავა - ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულმა შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები
ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად.
ნათია თქმით, მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმა მთლიანად გამსჭვალული იყო ადამიანებზე ზრუნვით, რაც, მათ შორის ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვისაც გამოიხატა იმაში, რომ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებმაც, მიუხედავად მთავრობის ყველა მცდელობისა და დახმარებისა, დაკარგეს სამუშაო ადგილი, მიეცათ 1 200 ლარიანი პაკეტი ექვსი თვის განმავლობაში, თვეში ორასი ლარის ოდენობით.
„ეს არის ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთული პერიოდის გადატანაში. ასევე მნიშვნელოვანია, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად სამასი ლარის დახმარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ამ სექტორში ოფიციალურად დასაქმებულებთან ერთად თვითდასაქმებული ადამიანების დიდი წილია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ის შეღავათი, რაც იყო ნაკარნახევი ინდუსტრიის დამსაქმებლებზე ზრუნვით – ეს იყო საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, რომელიც ვრცელდება თითოეულ შენარჩუნებულ დასაქმებულზე, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო 750 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანები სრულად გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან.
„ამ შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული დასაქმებული ადამიანი ტურისტულ სექტორში, სასტუმროებში, ტურისტულ კომპანიებში – ეს არის დიდი ტრეინინგების, იმ საკმაოდ დიდი რესურსის შედეგი, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია ხარჯავდა ამ ადამიანების მომზადებაში“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.