ნათია თურნავა - ამ კვირაში შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებული ტურისტების მოზიდვაზე
დადებითი არის ის, რომ პირველი თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვხსნით ნებისმიერ შეზღუდვას რეგულარულ ფრენებზე. ასევე ამ კვირაში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგება ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებული ტურისტების მოზიდვაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გაანცხადა.
მისივე თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ქვეყანაში შემოსული მგზავრების მიმართ გარკვეული მოთხოვნები იქნება, თუმცა როგორც თურნავა ამბობს, ეს ტურიზმის ეტაპობრივად ამოქმედებას არ შეზღუდავს.
„ვინაიდან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ადამიანებს ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი აქვთ, მონატრებულნი არიან ფრენას, დასვენებას, მოგზაურობას და სურთ, ჩვეთან ჩამოსვლა და ამაშიც დავეხმარებით ამ ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება ტურისტების შემოსვლისას კონკრეტული მოთხოვნები, რადგან დღეს არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის ისე, რომ გარკვეული რეგულაციის გარეშე, ტურისტები შედიოდნენ ქვეყანაში. გარკვეული მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს მოთხოვნები არ შეზღუდავს თანდათან, ეტაპობრივად ტურიზმის ამოქმედებას, რომელიც გზაფხულიდან უკვე დაიწყება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.