ნათია თურნავა - აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია
„ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და გვაერთიანებს აფხაზეთთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამეგრელოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ასევე ერთიანია ენერგეტიკული სისტემა.
„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია.
„რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ. ვერსიებს, თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან, ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, ენგურჰესი ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.