ნათია თურნავა აცხადებს, რომ თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მან უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, ძალიან პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.
ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.