ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლევან დავითაშვილთან ერთად შეხვდება კარვებში მყოფ პირებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ
ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა მთლიანობაში იყო ძალიან კარგი და საქმიანი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ნათია თურნავა მოსახლეობას გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდა.
„ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს. ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. რიონის ხეობის მცველები, ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას. ამიტომ, მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის.
პირველ რიგში, გვსურს, მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენს შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედია სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ, შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.