ნათია თურნავა - ერევანი-ბათუმის მიმართულებით პირველი მატარებელი 15 ივნისს დაიძვრება, რაც ნიშნავს, რომ მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ
15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი-თბილისის გავლით დაიძვრება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს სხვა ტურისტულ ადგილებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სახმელეთო საზღვრები გაიხსნა და უკვე სახეზეა პირველადი შედეგები.
„საზღვრების კვეთის თვალსაზრისით მომატებულია ტურისტული ნაკადების ჩვენი სამეზობლო რეგიონიდან. აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი-თბილისის გავლით დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ, ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს. ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვარზე შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს, აქედანაც სტუმრები შემოდიან. სტუმრობენ აჭარას სტუმრობენ თბილისს სხვა რეგიონებს. უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. მათ შეუძლიათ, როგორც საჰაერო საზღვრებით, ასევე ბორნით შავი ზღვის გავლით გვესტუმრონ. აზერბაიჯანთან როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და შემდეგ დაბრუნდებიან აზერბაიჯანში მიღების წესების გამარტივებაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს და გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, ტურისტებს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ახალი ავიაკომპანიები შემოდიან ბაზარზე.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ონამ ეარი“ არაბული სახელმწიფოს ავიაგადამზიდავი კომპანია შემოვა და დაიწყებს ფრენებს, კვირაში რამოდენიმე სიხშირით, ასევე ივლისიდან დავუდასტურეთ ჩვენ დაბალბიუჯეტიან ევროპულ კომპანიას „ლუფტჰანზას“ შვილობილ კომპანიას „ევრო ვინგს“ და ის დაიწყებს კვირაში რამოდენიმე სიხშირით ფრენას თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით. ასევე შემოდის პერმანენტული მოთხოვნა უკვე მოქმედი ავიაკომპანიებისგან სიხშირეების გაზრდაზე. ეს პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის, ტურიზმის აღდგენა და გაჯანსაღება გაგრძელდება. ჩვენ გვექნება მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ მიმდინარეობს, რა შეიძლება გავაკეთოთ რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური, უფრო კომფორტული გახდეს და მეტად დავეხმაროთ ეკონომიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.