ნათია ოკუჯავა - ეპილეფსია კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენს
პირველადად, თავის ტვინი არ წარმოადგენს კორონავირუსის სამიზნეს, – ამის შესახებ ნევროლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა, ნათია ოკუჯავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.
„საბედნიეროდ, კორონავირუსის სამიზნე არ არის ეპილეფსია, როგორც დაავადება. ეპილეფსია და ეპილეფსიური შეტევები, ეს არ არის ერთი დაავადება. ეს არის უამრავი დაავადება, უამრავი მდგომარეობა და ხშირად, თავის ტვინის და არა მარტო თავის ტვინის დაავადებას შეიძლება, ახლდეს ეპილეფსიური შეტევები. ეპილეფსიური დაავადება, როგორც თავის ტვინის პირველადი დაავადება, ეპილეფსიური შეტევებით ხასიათდება და ეს შეტევები მკურნალობას ემორჩილება ან დროდადრო აღმოცენდება, მაგრამ მეტ-ნაკლებად რეგულირებულია და კორონავირუსისთვის არავითარ სპეციალურ საფრთხის ჯგუფს და რისკჯგუფს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ოკუჯავამ.
ამ განცხადებით ნათია ოკუჯავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ზეგავლენა შეიძლება, იქონიოს კორონავირუსმა ეპილეფსიაზე.
მისი თქმით, კორონავირუსისთვის შეიძლება, რისკჯგუფს წარმოადგენდეს სხვა მძიმე ქრონიკული ნევროლოგიური, ან არანევროლოგიური დაავადება, რომელიც შესაძლოა, ეპილფსიური შეტევების თანხლებით იყოს.
„ნევროლოგიური დაავადებებიდან ეს არის პარკინსონიზმი, გაფანტული სკლეროზი. ეს არის ისეთი პაციენტები, რომლებსაც ეპილეფსიურ შეტევებთან ერთად აქვთ კოგნიტური დარღვევები და ცერებრალური დამბლა. ასეთი პაციენტები გარკვეულწილად, სარისკო და საფრთხილოა, მაგრამ არა ეპილეფსიური შეტევების, არამედ იმ სხვა დაზიანებების და ზოგადად, თავის ტვინის დაზიანების გამო, რომელიც ერთი მხრივ, იწვევს ამ სხვადასხვა დარღვევას და პლუს, ეპილეფსიურ შეტევებს“, – განაცხადა ოკუჯავამ.