ნათია მეზვრიშვილი - ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე, ისე ითხოვენ მათ დაკავებას, არ ფიქრობენ, გვაქვს საიმისო მტკიცებულებები, რომ დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ
ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე, ისე ითხოვენ მათ დაკავებას, რომ არ ფიქრობენ და არ კითხულობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და პროკურორის ან მოსამართლის შინაგანი რწმენით, ან ვინმეს ეჭვით, რომ ვიღაც მკვლელია, დაკავება არ უნდა ხდებოდეს.
„გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ვიღაცეების მოსაზრებით და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაცა არის მკვლელი, ასე არც დაკავება ხდება, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება – ირიბი მტკიცებულება მათ შორის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ.
შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც სხვათაშორის ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი.
ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მათ შორის მოწმისა და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ და არ კითხულობენ, გვაქვს კი მტკიცებულებები საიმისო, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.