ნათია მეზვრიშვილი - თუ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში შემოვა, ყველა შემთხვევაში დააკავებენ
თუ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში შემოვა, ყველა შემთხვევაში დააკავებენ, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა. მან დამატებითი განმარტება გააკეთა პირველი არხისთვის გუშინ მიცემულ ინტერვიუზე.
„თუ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში შემოვა, ყველა შემთხვევაში დააკავებენ, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტზე, ამას კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება სჭირდება და გამამტყუნებელი განაჩენისთვის მხოლოდ აღიარებითი ჩვენება საკმარისი ვერ იქნება. დაკავებით ყველას დავაკავებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ პირველი არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ კი მათზე საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ექნებათ.