ნათია მეზვრიშვილი - სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პასუხისმგებლობას ვამკაცრებთ
სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია, დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია და დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.
„აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ერთის მხრივ ვამკაცრებთ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და კანონით უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მთელი რიგი უფლებები ჩამოერთმევათ, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა, ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც ამ პირების შესახებ მონაცემები იქნება დაცული. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დანაშაულის ჩამდენი პირები ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ასევე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ავიცილოთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.