ნათია მეზვრიშვილი - რეფორმა მანდატურისთვის განუსაზღვრელ უფლებებს არ გულისხმობს, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის.
როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ცვლილებებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ისაა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება იქნება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.
„ასევე მნიშვნელოვანია კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საშიშროება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. მოთხოვნა მანდატურის მიმართაც იზრდება და მანდატურის დანიშვნის წესი იცვლება. კერძოდ, მანდატურს სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს, რაც მის უფლებამოსილებას გარკვეულწილად გაზრდის. კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის, რადგან ყველა ღონისძიებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. მოსწავლის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და რაღაც პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს. სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის და ეს კანონპროექტი მიზნად ამას არ ისახავს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მანდატურის რეფორმაზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.