ნათია მეზვრიშვილი - რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას
რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა.
„ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით – მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა. როგორც ჩანს, „ოცნება“ ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია „ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მით უმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში. როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ „ოცნებაში“ გამოიწვია შიში და მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე თავდასხმით დაიწყო. 20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის. ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ჩვენმა თანაპარტიელმა. „ოცნება“ აგრძელებს ზეწოლას, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით.
რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულიც „ოცნების“ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს, ვისი მისამართით ახორციელებენ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს. ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ამ პროცესებს ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ. როგორც წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან ისევ არ არის, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, მათ პირდაპირ მონაწილეობაზე და პარტიის მიერ მათ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. ინსტრუმენტად ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს პარტიის წევრზე, მალხაზ თორიაზე თავდასხმის კადრები, ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობაში მყოფი აკაკი ბართაია.
„ფაქტია, რომ „ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი. რა თქმა უნდა, ასეთი, მეთოდებით „მართვის“ პირობებში, ცვლილებები გარდაუვალია. მანამდე კი, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან: შეწყვიტეთ უკანონობა. გაასაჯაროვეთ მალხაზ თორიაზე თავდასხმის გამოძიების მასალები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ძალოვანი უწყებები აღნიშნულ ფაქტს განზრახ მალავენ; გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობიდან აკაკი ბართაია და სათანადო რეაგირება მოახდინეთ ყველა დანაშაულზე. გაბედეთ და დაგვისხედით დებატებში, მოქალაქეთა პრობლემებზე და ქვეყანაში თქვენ მიერ შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ. თუნდაც, იმ ბრალდებებზე გაბედულად სასაუბროდ, რომელსაც დამალულები აჟღერებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.