ნათია მეზვრიშვილი - მესმის, რომ საზოგადოებას ეს სჭირდებოდა გაცილებით ადრე, მაგრამ საზოგადოების განწყობებზე დაყრდნობით, ადამიანებს ბრალს ვერ წავუყენებთ
მესმის, რომ საზოგადოებას ეს სჭირდებოდა გაცილებით ადრე, მაგრამ საზოგადოების განწყობებზე დაყრდნობით ბუნებრივია, ადამიანებს ბრალს ვერ წავუყენებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ეს იყო უაღრესად რთული საქმე, კომპლექსური საქმე, რომელზე მუშაობაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი დღითაც არ შეუჩერებია”.
„მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხელახალი გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო ღონისძიება ვაწარმოეთ, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩავატარეთ, ვახდენდით საზოგადოების და ბატონი ზაზა სარალიძის ინფორმირებას პროაქტიულ რეჟიმში და არაერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ეს საქმე გახლავთ ნათელი დასტური იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად, თავისი დანაპირები შეასრულა. უბრალოდ, როდესაც რაღაც პირობების შესრულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, დრო რაც ასეთი კომპლექსური საქმეების გამოძიებას სჭირდება.
მივყვებოდით გეგმაზომიერად ყველა იმ პროცედურას, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი. მესმის, რომ საზოგადოებას ეს სჭირდებოდა გაცილებით უფრო ადრე, მაგრამ საზოგადოების განწყობებზე და საგამოძიებო კომისიის მოწოდებებზე და განწყობაზე დაყრდნობით ბუნებრივია, ადამიანებს ბრალს ვერ წავუყენებთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხებათ მოზარდებს.
ძალიან სამწუხაროა და ეს საქმე ნათელი დადასტურებაა იმის, თუ როგორ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი ტრაგედიების გამოყენება. ასეთი ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, პირველ რიგში დააზარალებს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ასეთ საქმეებში დაზარალებულები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, რომელზეც დეტალურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ის ადამიანებიც არ უნდა გაურბოდნენ პასუხისმგებლობას, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობის უარის გამო, გამოძიებისთვის გზა-კვალის არევის გამო, ეს პროცედურები აქამდე მიიყვანა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.