ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, არ მოგვერიდება არავის დაკავება
ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, არ მოგვერიდება არავის დაკავება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, არ მოგვერიდება არავის დაკავება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„მესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა მოსახლეობას ისიც მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს ვიპოვით. არ ვამბობ, რომ ეს საქმე სხვა საქმის ტოლფასია შინაარსობრივად. ეს არის ის შეკითხვები, რომლებსაც ამ გამოძიების ფარგლებში გავცემთ პასუხებს, ეს არის შეკითხვები, რომლებსაც გამომძიებლები და პროკურორები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უპასუხებენ. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული მირზა სუბელიანის შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ვისაუბრე იმაზე, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, რაც მანამდე გამოძიებისთვის ცნობილი არ ყოფილა – როგორც კი ეს გარემოებები გამოვლინდა, ჩვენ სასამართლო განხილვის პარალელურად, დამოუკიდებელი გამოძიება დავიწყეთ, მოვიპოვეთ შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის სხვათაშორის ბევრი შეკითხვა იყო – რა შეიცვალა ახლა? შეიცვალა ახლა ის, რომ მირზა სუბელიანს მანამდე არავინ ახსენებდა და სასამართლო განხილვის ბოლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახსენა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მირზა სუბელიანს ახლა ბრალი აქვს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მირზა სუბელიანის დაკითხვას, შეთანხმდნენ, რომ ეს საქმე გადავა საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ყველა შეკითხვას იქ გაეცემა პასუხი.

„თუ გამოიკვეთება პირი, რომელი პირის ბრალეულობაც გამოიკვეთება იმ სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში, რასაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ისევე არ მოგვერიდება არავის დაკავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორც არ მოგვერიდა მორჩაძის, მირზა სუბელიანის შემთხვევაში.

საზოგადოებას შევახსენებ, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებს გავლენიანი ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდათ და ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს არ არის დამაბრკოლებელი გარემოება, დავადგენთ რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა – დავაკავებთ, შევკრებთ მტკიცებულებებს, დავაყენებთ ბრალდების წაყენების საკითხს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.