ნათია მეზვრიშვილი - ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის (Open Government Partnership) აღმასრულებელ დირექტორთან, სანჯეი პრადანთან საუბრისას ღია მმართველობის საკითხები განიხილა.
ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია მმართველობის პრინციპებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება და ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაციის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად რჩება, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის დროს ღია მმართველობის მნიშვნელობაზე და განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყნები აღმოჩნდნენ ახალი ვითარების გათვალისწინებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა პანდემიის დროს დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, კრიზისის მართვის პირველი დღიდან საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოებისთვის დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
სანჯეი პრადანმა ისაუბრა პანდემიის დროს შექმნილი კრიზისული ვითარების მართვის მთავარ მახასიათებლებზე და მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოებასთან სწრაფი და მუდმივი კომუნიკაციის საჭიროება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს ასევე ღია მმართველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ახლად შექმნილი საბჭოს ორგანიზაციული მოწყობის შესაბამისობა მმართველობის მაღალ სტანდარტებთან და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საბჭოს მიერ შემუშავებული „ღია მმართველობა – საქართველოს“ ახალი სამოქმედო გეგმა.
ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შემუშავდეს „ღია მმართველობა – საქართველოს“ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც უპასუხებს ახალ რეალობას, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს.
ნათია მეზვრიშვილმა სანჯეი პრადანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრი, მზად არის კრიზისის დაძლევის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებაში.
ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.