ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ არც სახალხო დამცველის და არც პარლამენტის რეკომენდაცია დაგვჭირვებია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში 10 ადამიანია ბრალდებული
ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ არც სახალხო დამცველის და არც პარლამენტის რეკომენდაცია დაგვჭირვებია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში 10 ადამიანია ბრალდებული

როდესაც სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ ინსტიტუციას ვგულისხმობ, ეს იქნება სახალხო დამცველი თუ პარლამენტი, ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ განცხადებების გაკეთებას, მით უმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, – ასე ეხმაურება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილებაში მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის რეკომენდაცია შევიდეს. ასეთივე რეკომენდაცია მოცემულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არც სახალხო დამცველის და არც პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოდგენს და ამას მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება.

„სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენცია გახლავთ და არც სახალხო დამცველის, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მათ შორის ეს გახლავთ პროკურატურის კომპეტენცია, ნებისმიერი იურისტისთვის ეს კარგად არის ცნობილი და ვერ ვხვდები რატომ კეთდება ასეთი განცხადებები.

კარგად არის ცნობილი, რომ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამიტომ, ხელაღებით ამაზე საუბარი, მე პირადად, იურისტი გახლავართ და გამიჭირდება. ჩვენ არც სახალხო დამცველის და არც პარლამენტის რეკომენდაცია დაგვჭირვებია, იქ სადაც მტკიცებულებები იყო, პროკურატურამ დევნა დაიწყო და ჯამში იცით, რომ 10 ადამიანია გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაკავებული და ბრალდებული“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას.

სახალხო დამცველი მოითხოვს, პარლამენტის დადგენილებაში მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციაც შევიდეს.