ნათია მეზვრიშვილი - არც ერთი ქმედება არ რჩება დაუსჯელი, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი
ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, ძალიან ხშირად კეთდება აქცენტი, რომ მოხდა ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა, თუმცა აღარ გრძელდება საუბარი იმაზე, რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტებს პოლიციისგან.
„აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებული არიან და სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არც ერთი ქმედება არ რჩება დაუსჯელი, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, დანაშაულის მხრივ ციფრებში ზრდა ფიქსირდება და ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა.
„ზოგ შემთხვევაში, მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში, მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, ამის აღსრულება პრაქტიკაში ხდება. ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი, ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე. გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებითა და სანქციების გამკაცრებით ცდილობს.