ნათია მეზვრიშვილი - ახალი კანონით არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ
ახალი კანონით არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს და რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რეალურად, რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება, სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კანონი უკვე მივიღეთ. ახლა გარკვეული პროცედურები არსებობს – პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ „იმედის“ ეთერში.
ნათია მეზვრიშვილმა ახალ კანონთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა:
„შევეცდები, ძალიან დეტალურად ავხსნა, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს, რაზეა საუბარი და რეალურად რა იკრძალება, რადგან, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეთერს უყურებენ მშობლები, დედები, მამები, შვილები პედაგოგები, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იცოდნენ და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გააჩნიათ.
რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან. ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილზე. იკრძალება საჯარო სივრცეში, იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში.
ჩვენ ამ კანონით ვკრძალავთ არასრულწლოვნების მიერ არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარებას, აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუბარია ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე – სკოლაზე, ბაღებზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვნების არა მხოლოდ თანდასწრებით, არამედ იმ ადგილისგან 150 მეტრის რადიუსის მოშორებით და იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნები ფიზიკურად იმყოფებიან. რეალურად, ჩვენ ამით არა მარტო არასრულწლოვნებს ვიცავთ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან, არამედ გავითვალისწინეთ სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაც.
21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების, იგულისხმება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, დაისჯება სისხლის სამართლის წესით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი – მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.