ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ფაქტზე პასუხისმგებლობას „ოცნების“ ხელმძღვანელობას აკისრებს.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, „ხელისუფლება იმყოფება პანიკაში, რაც ნიშნავს, რომ ცვლილებები გარდაუვალია“.

„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ოცნების ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს და გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ. თვეებია, თითქოს ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ. არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც სხვათა შორის განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანე, რომლებიც დღემდე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დრო განხორციელებულ მუქარაზე. ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, ოცნების ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, პარტიის კანდიდატების მიმართ მუქარა და ზეწოლა გრძელდება.

„მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარებების მოხსნით. გუშინ ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატ სალომე ღონღაძეს. რამდენიმე დღის წინ ასპინძაში მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები, ხაზს ვუსვამ მთელი მერიის თანამშრომლები თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს კანდიდატ არკადი სოფოიანს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალებს და შესაბამის ფაქტებს პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნის.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.