ნატალია ვუტოვა - მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ევროკავშირის მოთხოვნები ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად იყოს შესრულებული
პროექტი, რომელსაც დღეს ევროპის საბჭო იწყებს, არის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილი საქართველოსთვის 2024-2027 წლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ ევროპის საბჭოს პროექტის „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE) წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ვუტოვას თქმით, აღნიშნული პროექტი აჩვენებს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ.
„მომდევნო თვეში, აპრილში ჩვენ ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მიგვაჩნია, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენს ორგანიზაციაში. რაც შეეხება მედიას, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ხელისუფლებასა და ჟურნალისტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი განხორციელდეს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რათა დაცული იყვნენ ჟურნალისტები, მათი უსაფრთხოება, დაცული იყოს მათი პროფესიული საქმიანობა ხელისუფლებისა და სხვა მხარეების მიერ. ასევე კონცენტრირებული ვართ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თავისუფლებაზე. ვაპირებთ მუშაობას კომუნიკაციების კომისიასთან და სხვა ეროვნულ მხარეებთან“, – განაცხადა ნატალია ვუტოვამ.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა ნატალია ვუტოვას კითხვა დაუსვეს ევროკავშირის მიერ დასახულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა:
„მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, ისევე როგორც ხელისუფლებასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულებული იყოს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა ნატალია ვუტოვამ.