ოზურგეთში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცი პოლიციის შენობაში შეიჭრა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, დააზიანა კომპიუტერის მონიტორი.
შსს ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
როგორც მამაკაცის ახლობლებმა განაცხადეს, ის ნაცემია.
„მამაკაცს ქირურგიული დახმარება არ სჭირდება. ამჟამად ნევროპათოლოგი ახორციელებს მის შემოწმებას. მას ძალადობის კვალი არ ეტყობა. თუმცა, ის, რაც ვიზიალურადაც შეინიშნება,
მარცხენა თვალბუდის არეში მცირედი სისხლჩაქცევაა“, – განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.
შსს ინფორმაციით, სანამ ნასვამი მამაკაცი პოლიციის შენობაში შეიჭრებოდა, მას სახის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული.
„მამაკაცი უჩიოდა თავის ტკივილს. ამჟამად, მისივე მოთხოვნით, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება კომპლექსური კვლევა“, – აცხადებენ შსს პრესსამსახურში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.