ნასაკირალის ოლქში ოქმის შედგენის პროცესში კომისიისთვის ხელის შეშლის ფაქტით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა
ნასაკირალის ოლქში, რამდენიმე პირის მიერ კომისიისთვის ოქმის შედგენის პროცესში ხელის შეშლის ფაქტით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების იურისტმა, ნინო როჟამაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც როჟამაძემ განაცხადა, გიორგი როყვას ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის განცხადებით, ზეწოლა მეორე მხარესთანაც მიმდინარეობდა. მისი თქმით, უწყებათა შორისი კომიის დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა საკითხები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებს.
„დეტალურად იქნა განხილული ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. კომისიის ინფორმაციით არსებობდა ზეწოლა მეორე მხარეზეც და კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს გამოიძიონ ეს ფაქტი. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ თავად როყვა საუბრობდა მმართველი პარტიის კანდიდატის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე. ასევე, განიხილებოდა კენჭისყრის ღამეს ნასაკირალის საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები. ამ საკითხებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ და მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტების შესწავლა“, – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.
შეგახსენებთ, ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრები, როყვას გაუჩინარებას ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მიერ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდნენ და პასუხისმგებლობას მას აკისრებდნენ. ადრესატის შტაბში კი, ამ ბრალდებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებდნენ.
ასევე, მერის არჩევნების მეორე ტურის ღამეს, ხმაური იყო დაბა ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, კომისიის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა.