ნასა სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპს დაემშვიდობა — აღმოჩენებით სავსე 16-წლიანი მისია დასრულებულია
13:20, 31.01.2020
კოსმოსში ყოფნის 6002-ე დღეს, ნასამ „პენსიაზე გაუშვა“ გასაოცარი სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი. 30 იანვარს, მისიის ხელმძღვანელობამ სპიტცერიდან უკანასკნელი მონაცემები ჩამოტვირთა და ტელესკოპს ძილის რეჟიმზე გადასვლის საბოლოო ბრძანება გაუგზავნა.
პროექტის მენეჯერმა ჯოზეფ ჰანტმა სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი ოფიციალურად გამოაცხადა ჩამოწერილად.
სპიტცერი ერთ-ერთი იყო ნასას ოთხი „დიდი ობსერვატორიიდან“ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპთან, ჩანდრას რენტგენულ ობსერვატორიასთან და კომპტონის გამა-გამოსხივების ობსერვატორიასთან ერთად. მან თვალწინ გადაგვიშალა კოსმოსის განსაცვიფრებელი ინფრაწითელი ხედები.
ტელესკოპი 2003 წელს გაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ მისია მხოლოდ ხუთი წლით იყო დაგეგმილი, მან მოლოდინებს გადააჭარბა. საბოლოო ჯამში, სპიტცერმა 16,5 წელიწადს იმუშავა.
გაშვების დროს, ის კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველა დროის ყველაზე მგრძნობიარე ინფრაწითელი ინსტრუმენტი იყო; მისიის ფარგლებში ფარდა ახადა სამყაროს მრავალ საგულდაგულოდ მიჩქმალულ საიდუმლოს.
მრავალ აღმოჩენას შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი. სპიტცერი პირველი ტელესკოპი იყო, რომელმაც ეგზოპლანეტებიდან მომდინარე პირდაპირი სინათლე დააფიქსირა; სატურნის გარშემო აღმოაჩინა ახალი რგოლი; დიდი წვლილი შეიტანა სისტემა TRAPPIST-1-ის ოთხი პლანეტის აღმოჩენაში, რომლებიც შემდეგ საგულდაგულოდაც დაახასიათა.
სპიტცერი უკან, ძალიან შორეულ წარსულში იხედებოდა. მისი დაკვირვებებით გამოვავლინეთ და შევისწავლეთ ყველაზე შორეული გალაქტიკა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
„სპიტცერმა კოსმოსის სრულიად ახალი ასპექტები გვასწავლა და მრავალი ნაბიჯით წინ წაგვწია იმის წარმოდგენაში, თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი, გვეხმარებოდა გაგვერკვია ჩვენი წარმოშობა და ისიც, ვართ თუ არა მარტონი სამყაროში“, — ამბობს ნასას სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი, ასტროფიზიკოსი თომას ზურბუკენი.
სპიტცერის მემკვიდრეობა ამით არ დასრულებულა. მისიამ მნიშვნელოვანი სამიზნეები დაუტოვა ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც 2021 წელს გაეშვება და გაცილებით მოწინავე ინფრაწითელი ინსტრუმენტი იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ სპიტცერმა პირდაპირ გზა მოამზადა ვებისთვის. მეცნიერებმა მისი საშუალებით ისწავლეს, როგორ წარმართონ ინფრაწითელი ასტრონომია; სპიტცერის მიერ შესწავლილ დამაინტრიგებელ სამიზნებს კი ჯეიმს ვები გაცილებით დეტალურად შეისწავლის.
და რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მომხიბვლელია აწ უკვე განსვენებული ტელესკოპის მიერ სამყაროს სხვადასხვა ობიექტისთვის გადაღებული ინფრაწითელი სურათები; ტალღის ეს სიგრძე ადამიანის თვალისათვის უხილავია.
„ვფიქრობ, სპიტცერი საუკეთესო მაგალითია იმისა, რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა. ძალიან გამიმართლა, რომ ვმუშაობდი ამ მისიაზე, რომ ვიხილე ამ ჯგუფის გამჭრიახობა, თავაზიანობა და ბრწყინვალება. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ საქმესთან გაქვს შეხება და ხალხს მისი გამოყენების საშუალებას აძლევ“, — ამბობს პროექტის მეცნიერი, ასტრონომი მაიკლ ვერნერი.
გეტყვით იმასაც, რომ სპიტცერი დედამიწის ორბიტაზე არ არის; ის მზის გარშემო მოძრაობს და ამ გზაზე დედამიწას მიჰყვება უკან. გათიშვის საბოლოო ბრძანების მიღების შემდეგ, მან საკუთარი თავი შეაბრუნა და ანტენები პირდაპირ მზისკენ მიმართა.
ამ მომენტიდან ის ნელ სვლას იწყებს. დაახლოებით 53 წლის შემდეგ, სპიტცერი კვლავ ჩაუვლის დედამიწას, მოსწყდება მზის ორბიტას და კოსმოსში გაიჭრება, იმ უსასრულო ვარსკვლავებს შორის, რომელთა შესახებაც მან ძალიან ბევრი რამ გვიამბო.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.