NASA-ს მიერ ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშებში წყალი და ნახშირბადი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
NASA-ს განცხადებით, 4,5 მილიარდი წლის ასტეროიდ ბენუდან აღებული ნიმუშები დიდი ოდენობით წყალსა და ნახშირბადს შეიცავს, რაც კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას სძენს თეორიას, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან ჩაისახა.
შვიდი წლის წინ გაშვებულმა მისია OSIRIS-REx-ი შორეულ ასტეროიდზე დაჯდა, მისი გრუნტის ნიმუშები აიღეო და რამდენიმე კვირის წინ დედამიწაზე ჩამოუშვა. მეცნიერები მის ანალიზებს ახლა აწარმოებენ.
„ეს ნახშირბადით ყველაზე მდიდარი ასტეროიდის ნიმუშია, რაც კი დედამიწაზე ჩამოგვიტანია“, — განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა პრესკონფერენციაზე, სადაც საზოგადოებას შავი მტვრისა და კენჭების პირველი ფოტოები წარუდგინა.
მისი განცხადებით, ნახშირბადი ნიმუშების მთლიანი მასის ხუთ პროცენტს შეადგენს და წარმოდგენილია როგორც ორგანული, ისე მინერალური ფორმით. რაც შეეხება წყალს, ის თიხა-მინერალების კრისტალურ სტრუქტურაშია ჩაჭედილი.
მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე ოკეანეები, ტბები და მდინარეები 4 – 4,5 მილიარდი წლის წინ, წყლის შემცველი ასტეროიდების ჩამოცვენისა და მათ მიერ მოტანილი წყლის შედეგად გაჩნდა. შედეგად, ჩვენი პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გახდა.
დედამიწაზე არსებული სიცოცხლე ნახშირბადს ეფუძნება, რომელიც სხვა ელემენტებთან ქმნის ბმებს და ასე წარმოქმნის ცილებს, ფერმენტებსა და გენეტიკური კოდის — დნმ-ისა და რნმ-ის საშენ მასალას.
ასტეროიდის ნიმუშებს ჯერ მხოლოდ პირველადი ანალიზები ჩაუტარდა, რისთვისაც გამოიყენეს ელექტრონული მიკროსკოპია, რენტგენული ტომოგრაფია და ა. შ.
„ეს ნიმუშები ასტრობიოლოგთან ნამდვილი ოცნებაა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ნიმუშები მთელ მსოფლიოში გაეგზავნება ყველა მსურველ ლაბორატორიას“, — ამბობს მკვლევარი დენიელ გლავინი.
OSIRIS-REx-ი პირველი ხომალდი არ არის, რომელიც ასტეროიდს ესტუმრა და იქიდან დედამიწაზე ნიმუშები ჩამოიტანა — იაპონიამ ეს ორჯერ მოახერხა, 2010 და 2020 წლებში.
თუმცა, NASA-ს მიერ ჩამოტანილი ნიმუშები იაპონელებისაზე გაცილებით მეტია, თითქმის 250 გრამი. მაგალითად, იაპონიის მისია ჰაიაბუსა-2-მა მხოლოდ 5,4 გრამის ჩამოტანა შეძლო.
ასტეროიდ ბენუს ეს სახელი ეგვიპტური ღვთაების მიხედვით დაარქვეს და წარმოადგენს მზის სისტემის ერთ-ერთ პირველყოფილ ნაშთს.
მისი ორბიტა ჩვენი პლანეტისას კვეთს და სწორედ ამან გააადვილა მისიაც.
NASA-ს მონაცემებით, 2100-იანი წლების შუა პერიოდამდე ამ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების რისკი არ არის, მაგრამ ამის შემდეგ, 2300-იანი წლებისთვის, ამის შანსი იზრდება და 1750-დან ერთია.
OSIRIS-REx-ის მიერ შეგროვებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბენუს ზედაპირის შემადგენელი ნაწილაკები იმდენად მჩატეა, იქ რომ ადამიანმა ფეხი დადგას, შეიძლება ჩაიძიროს, ზუსტად ისე, როგორც პლასტმასის ბურთულებით ამოვსებულ ორმოში.
პირველადი კვლევები არა ძირითად, არამედ ე. წ. ბონუს ნიმუშებს ჩაუტარდა, რომლებიც ნიმუშების ამღებ მექანიზმზე იყო დალექილი. დანარჩენი ნიმუშების ანალიზი ამის შემდეგ დაიწყება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.