NASA-ს ხომალდმა New Horizons-მა კოიპერის სარტყელში სრულიად მოულოდნელი რამ აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
მზის სისტემას გარე ნაწილში აკრავს ყინულოვან ნარჩენთა სარტყელი, რომელშიც როგორც ჩანს, იმაზე მეტი რამ იმალება, ვიდრე გვეგონა.
ხომალდი New Horizon-ი ამჟამად სწორედ ამ რეგიონში, კოიპერის სარტყელში გადაადგილდება. მის მონაცემებში მტვრის ნაწილაკთა მოულოდნელად მაღალი დონე ჩანს იქ, სადაც ის მწირად უნდა იყოს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კოიპერის სარტყელი მზისგან იმაზე გაცილებით შორს ვრცელდება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით მზის სისტემის შესახებ. თუმცა, შეიძლება დიდად წაგვადგეს ჩვენი და სხვა პლანეტური სისტემების უკეთესად შესწავლაში.
„New Horizons-ი პლანეტათშორისი მტვრის პირველ პირდაპირ გაზომვებს ახორციელებს ნეპტუნსა და პლუტონს გადაღმა, შესაბამისად, ყოველი დაკვირვება შეიძლება აღმოჩენით დასრულდეს. ის, რომ შეიძლება უფრო ფართო კოიპერის სარტყელი დავაფიქსირეთ — ერთმანეთთან შეჯახებული და მტვრის წარმომქმნელი ობიექტების მთელი ახალი პოპულაციით, კიდევ ერთი მინიშნებაა მზის სისტემის ყველაზე შორეულ რეგიონების საიდუმლოთა ამოსახსნელად“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ალექს დონერი.
კოიპერის სარტყელი ხასიათდება დიდი ოდენობით კლდოვანი, ყინულოვანი ობიექტებით. სავსეა მოზრდილი ქვებითა და ჯუჯა პლანეტებით, ასევე ისეთი ობიექტებით, რომლებსაც ვერ ვხედავთ, რადგან არიან შედარებით პატარა და იმ რეგიონში ძალიან ბნელა. თუმცა, მტვერმა შეიძლება რაღაც მაინც გვითხრას იქ მიმდინარე ამბებზე.
უკვე მიიჩნეოდა, რომ კოიპერის სარტყელი საკმაოდ უზარმაზარია. ის ნეპტუნის ორბიტასთან იწყება, მზისგან დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე და არ ვიცით, ზუსტად სადამდე ვრცელდება. თუმცა, მიიჩნეოდა, რომ ძირითადი შიდა რეგიონი დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ვრცელდებოდა.
New Horizons-ი NASA-ს ხომალდია, რომელიც მზის სისტემის გარე ნაწილის შესასწავლად გაუშვეს. 2015 წელს მან პლუტონსაც გადაუფრინა, რომელიც მზის გარშემო დაახლოებით 39 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს. 2019 წელს გადაუფრინა უცნაურ ობიექტს, სახელად აროკოთს, რომელიც მზეს საშუალოდ 44,6 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან უვლის გარშემო.
მას შემდეგ, 45-55 ასტრონომიული ერთეულის მანძილებს შორის, New Horizons-ი მონაცემების შეგროვებას განაგრძობს და დედამიწაზე აგზავნის. აღმოჩნდა, რომ მისი ინსტრუმენტი SDC გაცილებით მეტ მტვერს აფიქსირებს, ვიდრე ამ მანძილზე იყო მოსალოდნელი.
ასე დიდი ოდენობით მტვერი ნიშნავს იმას, რომ იქ ან ჭარბი მტვერი უნდა წარმოიქმნებოდეს, ან ის მზის რადიაციული ძალებს მიაქვთ უფრო მჭიდრო რეგიონებიდან.
ჭარბი მტვრის ყველაზე სავარაუდო წყარო დიდ ობიექტებს შორის ურთიერთქმედებები უნდა იყოს — მაგალითად, შეჯახებები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ საკმაოდ ბევრი ყინულოვანი ქვები უნდა იყოს, რომლებიც ერთმანეთს შედარებით ხშირად ეჯახებიან.
ტელესკოპებით ბოლო დროს ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს, რომ კოიპერის სარტყლის მთავარი შიდა რეგიონი 80 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე უნდა ვრცელდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი აღმოჩენა თანხმობაშია იმის მინიშნებებთან, რომ კოიპერის სარტყელი მოსალოდნელზე დიდია.
ამ მომენტისთვის, New Horizons-ი მზისგან 58 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა. იმყოფება მისიის მეორედ გახანგრძლივებულ რეჟიმში და მონაცემებს სამშობლოში დღემდე აგზავნის. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ის სულ მცირე 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე იმუშავებს და თუ იღბლიანი აღმოჩნდა, იქნებ მზის სისტემის კიდემდე, 120 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდეც.
„New Horizons-ი ალბათ პირველი ხომალდია, რომელმაც მზის სისტემის ამ რეგიონში სხეულთა ახალი პოპულაცია აღმოაჩინა. ვერ ვითმენ, ისე მსურს გავიგო, რა დონემდე მიაღწევს კოიპერის სარტყელში ჭარბი მტვრის ოდენობა“, — ამბობს New Horizons-ის მკვლევარი ალან სტერნი.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.