NASA-ს ხომალდმა მარსის ჰორიზონტის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს ხომალდმა მარსის ჰორიზონტის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო — #1tvმეცნიერება

მომავალში, წითელი პლანეტის სტუმარი ასტრონავტები შეიძლება მარსის ცის საოცარი ხედებით დატკბნენ.

მარსის ორბიტაზე, ზედაპირიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავმა NASA-ს ხომალდმა Odyssey-მ წითელი პლანეტის ჰორიზონტის ახალი ფოტოები გადაიღო. დედამიწის ზედაპირიდან სწორედ ასეთ სიმაღლეზე მოძრაობს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც.

სურათი წარმოადგენს მიღწევას, რასაც თვეები დასჭირდა. მეცნიერთა განცხადებით, ახლა მათ მარსისა და დედამიწის ერთნაირი ფოტოების შედარების საშუალება აქვთ.

„მარსის ორბიტაზე რომ ასტრონავტები იყვნენ, ისინი ასეთ ხედს დაინახავდნენ. ასეთი ხედი აქამდე მარსის არცერთ ხომალდს არ გადაუღია“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯონათან ჰილი.

სურათი Odyssey-ს თერმული გამოსხივების ვიზუალიზაციის სისტემამ (THEMIS) გადაიღო. ამ პროცესს ასეთი ხანგრძლივი კოორდინირება იმიტომ დასჭირდა, რომ THEMIS-ი ორბიტერის „მუცელზე“ ფიქსირებულ პოზიციაშია მიმაგრებული და დაბლა, მარსს უყურებს. მისი მონაცემები პლანეტის ზედაპირის აღწერისთვის გამოიყენება.

მარსი

მარსის ჰორიზონტის დასანახად, მეცნიერებმა Odyssey-ს დედამიწიდან გაუგზავნეს 90 გრადუსით დახრის ბრძანება, რათა ხელსაწყო THEMIS-ი ჰორიზონტის რკალისკენ მიმართულიყო.

ამას გარდა, ხომალდი მთელი ორბიტის განმავლობაში ისე უნდა შეენარჩუნებინათ, რომ THEMIS-ს 10 სურათის გადაღება მოესწრო, რომლებიც შემდეგ შეაერთეს და პანორამა მიიღეს.

ყველაფერი ძალიან რთული აღმოჩნდა. საუკეთესო პოზიციაში, ხომალდს ანტენა დედამისის საპირისპირო მიმართულებით ჰქონდა მოქცეული, რის გამოც, ის მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში დედამიწასთან კონტაქტზე არ იყო.

თუმცა, შედეგი დროდ და ძალისხმევად ნამდვილად ღირდა. წინა ფონზე ჩანს მარსის მშრალი, კრატერებიანი ლანდშაფტი. მის თავზე კი მარსის გაუხშოებული ატმოსფერო მოჩანს, რომელშიც ღრუბლის ნაფლეთები და მტვრის ბურუსი დაცურავს.

ვინაიდან THEMIS-ი თერმული კამერაა, მის მონაცემებში შესაძლებელია ასახულ ობიექტთა ტემპერატურის დადგება, რაც თავის მხრივ, ღრუბლების შესწავლაში გვეხმარება.

მარსზე წყლის ყინულის ღრუბლებია, დედამიწის მსგავსად, მაგრამ ასევე არის ნახშირორჟანგის ყინულის ღრუბლები, რომლებიც შესაფერისი ატმოსფერული პირობების დროს წარმოიქმნება. ამ ღრუბლების შესწავლამ ბევრი რამ უნდა გვითხრას მარსის ატმოსფეროს მუშაობის პრინციპების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტისკენ იყო მიმართული, THEMIS-მა მარსის პატარა, კარტოფილის ფორმის მთვარე, ფობოსიც გადაიღო.

ფობოსი მარსის გარშემო ერთ შემოვლას 7,56 საათს ანდომებს; მეცნიერებმა არ იციან, საიდან გაჩნდა ის — გამვლელი ასტეროიდი იყო, რომელიც მარსმა გრავიტაციით ჩაიჭირა თუ ერთ დროს თავად მარსის ნაწილი იყო.

ყოველი ის მცირე ინფორმაციაც კი, რასაც ამ მთვარის შესახებ ვიგებთ, მეცნიერებს მისი საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ხომალდი Odyssey მარსის ჰორიზონტის კიდევ უფრო მეტ ფოტოს გადაიღებს წელიწადის სხვადასხვა დროს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.