NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის ვულკანურ მთვარე იოს საოცრად დეტალური ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
თქვენ წინაშეა მზის სისტემის ყველაზე ვულკანური ობიექტი ახალი, დიდებული დეტალებით.
2023 წლის 30 დეკემბერს, NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის თანამგზავრ იოს მისიის განმავლობაში ყველაზე ახლოს გაუფრინა და საოცარი ფოტოებიც გადაუღო. სურათებში იო გოგირდისფრად ანათებს. მოჩანს ზედაპირიც, რომელზეც მრავლად არის ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი მახასიათებლები.
ჯუნოს მსგავსად, იოს სხვა არცერთი ხომალდი მიახლოებია. ზონდი მისი ზედაპირიდან 1500 კმ სიმაღლეზე იყო. მეცნიერთა განცხადებით, მიზანი ამ სხეულის უკეთესად შესწავლაა.
„ამ გადაფრენისა და წინა დაკვირვებების მონაცემთა შეჯერებით, ჯუნოს სამეცნიერო ჯგუფი სწავლობს, როგორ იცვლება იოს ვულკანიზმი. ვიკვლევთ, რამდენად ხშირად ხდება ამოფრქვევები, რამდენად კაშკაშა და ცხელია ისინი, როგორ იცვლება ლავის ნაკადების ფორმები და რამდენად არის დაკავშირებული იოს აქტივობა იუპიტერის მაგნიტოსფეროში დამუხტულ ნაწილაკთა დინებასთან“, — ამბობს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ასტრონომი სკოტ ბოლტონი.
იო ზომით არც ისე დიდია, ჩვენს მთვარეს ოდნავ აღემატება.
თუმცა, ჩვენი წყნარი მთვარისგან განსხვავებით, იოზე სრული ქაოსია. იუპიტერის გარშემო ის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. პლანეტის მხრიდან ცვალებადი გრავიტაციული მიზიდვა იოს წიაღს ჭიმავს და კუმშავს, რა დროსაც უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა და შედეგად, ხშირია ამოფრქვევები.
იოზე გრავიტაციულად იუპიტერის სხვა, გალილეოსეული მთვარეებიც მოქმედებენ; შედეგი ყოვლისმომცველი, ცეცხლოვანი ვულკანიზმია. იოზე დაახლოებით 400 აქტიური ვულკანია, რომელთაგან დაახლოებით 150 ნებისმიერ მოცემულ მომენტში იფრქვევა. ვულკანური გაზები გამუდმებით იფრქვევა იოს გარშემო და პლაზმის ტორუსის სახით იუპიტერისკენ მიემართება, მის მაგნიტურ ველის ხაზებში შედის და მძლავრ, მუდმივ ციალს წარმოქმნის პლანეტის პოლუსებთან.
„ჯუნო შეისწავლის იოს მასიური ვულკანური აქტივობის წყაროს, იკვლევს, არის თუ არა მისი ქერქის ქვეშ მაგმის ოკეანე“, — ამბობს ბოლტონი.
მომდევნო ახლო გადაფრენას ჯუნო 2024 წლის 3 თებერვალს შეასრულებს, როცა ის იოს კვლავ 1500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. ჯუნო იუპიტერის სისტემას 2016 წლიდან იკვლევს. მისია სამი წლით გახანგრძლივდა და მის ინსტრუმენტებს უკვე ემჩნევა დეგრადირების ნიშნები. ხომალდი 2025 წლის სექტემბრამდე იმუშავებს.
მომზადებულია missionjuno.swri.edu-ს მიხედვით.