NASA-ს ხომალდმა იუპიტერის ვულკანურ თანამგზავრზე უზარმაზარი ლავის ტბა გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს ხომალდმა იუპიტერის ვულკანურ თანამგზავრზე უზარმაზარი ლავის ტბა გადაიღო — #1tvმეცნიერება

ალბათ არცერთი პლანეტური სხეული არაა ისეთი საუცხოო, როგორც იუპიტერის თანამგზავრი იო.

ის მზის სისტემაში ყველაზე აქტიური ვულკანური სხეულია, ჩვენს მთვარეზე სულ ოდნავ დიდი. იოს ზედაპირი ვულკანებითაა გადაჭედილი, ნებისმიერ მოცემულ მომენტში იქ დაახლოებით 400 ვულკანი იფრქვევა.

იო წარმოუდგენლად განსაცვიფრებელი ადგილია; ახლახან, მისი ლანდშაფტის ჯერ არნახული ხედები მივიღეთ.

NASA-ს ხომალდმა ჯუნომ იოს ახლოდან გადაუფრინა 2023 წლის დეკემბერში და 2024 წლის თებერვალში; დააკვირდა რეგიონებს, რომლებიც ჯერ არ გვენახა — ჩრდილოეთ განედებს და ცეცხლოვანი ფოტოებიც გადაიღო.

„იო უბრალოდ გადაჭედილია ვულკანებით და რამდენიმე მათგანი მოქმედებაში გადავიღეთ. ასევე მივიღეთ გარკვეული ცნობები 200 კილომეტრის სიგრძის ლავის ტბის, სახელად ლოკი-პატერას შესახებ. საოცრად დეტალურად ჩანს, ცხელი ლავით სავსე მაგმის ტბის შუაგულში მდებარე კუნძულები“, — ამბობს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკოსი და ჯუნოს მკვლევარი, სკოტ ბოლტონი.

მისი განცხადებით, ჯუნოს ინსტრუმენტების მიერ ამ ტბის შესახებ შეგროვებული მონაცემები მიუთითებს, რომ იოს ზედაპირის გარკვეული ნაწილი მინასავით პრიალაა და დედამიწაზე ვულკანების მიერ წარმოქმნილ ობსიდიანის მინას წააგავს.

იო შეიძლება პატარა სხეულია, მაგრამ მისი ეფექტები უზარმაზარია, რაც იუპიტერთან კომპლექსურ ურთიერთკავშირში ვლინდება.

ვინაიდან ეს მთვარე იუპიტერის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, ცვალებადი გრავიტაციული წნეხი მისი წიაღის გათბობას იწვევს. მასზე გრავიტაციულად მოქმედებს ორი სხვა გალილეოსეული მთვარეც — ევროპა და განიმედე, რაც ამ წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს.

მთელი ეს სიცხე იოდან მძვინვარე ვულკანიზმის სახით იფრქვევა. გამუდმებით ამოაფრქვევს ვულკანურ აირებს, რომელსაც იუპიტერის გრავიტაცია ექაჩება და ამ უკანასკნელის გარშემო პლაზმის უზარმაზარი ტორუსი წარმოიქმნება.

ამ პლაზმას იუპიტერის მაგნიტური ველის ძაფები ექაჩება, აჩქარებს და პოლუსებისკენ გადააქვს, სადაც ის წარმოქმნის მუდმივ, მძლავრ ულტრაიისფერ ციალს — მზის სისტემაში ყველაზე მძლავრს.


და ეს მოკლევადიანი არ არის. იოს გაუხშოებულ ატმოსფეროში არსებული გოგირდის ორი იზოტოპის ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ მძიმე იზოტოპები არაპროპორციული რაოდენობით არის წარმოდგენილი. მსუბუქები ატმოსფეროს ზედა ნაწილში ადის, საიდანაც უფრო დიდია შანსი, რომ ისინი იუპიტერმა გაიწოვოს და თავის პლაზმის ტორუსს შეუერთოს.

ორ იზოტოპს შორის პროპორცია მიუთითებს, რომ იოდან აირების ეს გადინება მისი დასაბამიდან, 4,5 მილიარდი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიჩნეულია, რომ იუპიტერი მზის სისტემაში წარმოქმნილი პირველი პლანეტაა.

ჯუნოს მისია გრძელდება და დაგეგმილია კიდევ არაერთი ახლო გადაფრენა როგორც იუპიტერის, ისე გალილეოსეული მთვარეების თავზე.

უახლესი აღმოჩენები ჯუნოს ჯგუფმა ვენაში, ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.