NASA მარსზე ვერტმფრენს გაგზავნის
NASA მარსზე ვერტმფრენს გაგზავნის

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, 2020 წელს ის მარსზე ვერტმფრენის გაგზავნას გეგმავს. ეს იქნება მინიატურული, დრონის მსგავსი უპილოტო აპარატი, რომელიც წითელი პლანეტის შესახებ მრავალ ახალ ცნობას შეაგროვებს.

„მარსის ვერტმფრენის“ სახელით ცნობილი მოწყობილობის წონა სულ რაღაც 1,8 კგ იქნება და მისი მთავარი კორპუსი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომისაა.

მინივერტმფრენს წითელ პლანეტაზე მავალი „მარს 2020“ წაიღებს. ამ ბორბლებიანი მავალის მთავარი სამიზნე იქნება განსაზღვროს, არის თუ არა მარსის გარემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, მოძებნოს არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები, შეაფასოს წითელი პლანეტის ბუნებრივი და რისკები რესურსები ადამიანთა სამომავლო მისიებისთვის.

მარს 2020-ის გაშვება 2020 წლის ივლისში იგეგმება, მისია წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში ჩააღწევს.

„NASA-ს პირველობის საამაყო ისტორია აქვს. სხვა პლანეტის ცაში ვერტმფრენის ფრენა მართლაც ამაღელვებელია“, — ამბობს განცხადებაში სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.

ტექნოლოგიაზე მუშაობა 2013 წლის აგვისტოში, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში დაიწყო.

მარსის თხელ ატმოსფეროში ფრენისთვის, ვერტმფრენი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, მაგრამ რაც შეიძლება მძლავრი.

NASA-ს განცხადებით, დედამიწაზე ვერტმფრენის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 12 100 მეტრია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მარსის ატმოსფერო ჩვენი პლანეტის მხოლოდ ერთი პროცენტია, მაშინ, როცა ვერტმფრენი მარსის ზედაპირზე იჯდება, ის უკვე იქნება დედამიწის 30 500 მეტრის ეკვივალენტზე.

ვერტმფრენი აღჭურვილი იქნება მზის პანელებით, რომლებიც დამუხტავს მის ლითიუმ-იონის ბატარეებს და მარსის ცივ ღამეებში მექანიზმს გაათბობს.

მარსის ვერტმფრენს დედამიწიდან გააკონტროლებენ, სპეციალურ ბრძანებათა საფუძველზე. მაგრამ მანამდე, მოწყობილობა დედამიწაზე გაივლის 30-დღიან შემოწმებას.

NASA-ს განცხადებით, ტექნოლოგია მაღალი რისკის მქონე, თუმცა საკმაოდ გაბედული და ამბიციურია.

„ჩვენ უკვე გვაქვს მარსის დიდებული ხედები როგორც ზედაპირიდან, ისე მისი ორბიტიდან. მაგრამ მისიის წარმატების შემთხვევაში, ჩვენს ხედვას კიდევ ერთი განზომილება შეემეტება — ფრინველთა თვალით დანახული ხედები“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით