მარსის ზედაპირზე სანამ ადამიანები ფეხს დადგამენ, რობოტები, მაგალითად, მავალი Curiosity ჩვენთვის ფასდაუდებელ სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებენ. ამჯერად NASA-ს კიდევ ერთი ახალი იდეა გაუჩნდა — უფრო მეტი მექანიკური მკვლევრების გაგზავნა წითელ პლანეტაზე. თითქოს უცნაური არაფერი, მაგრამ სააგენტოს ახალი გეგმა ცოტა არ იყოს, შიშისმომგვრელი და ამავე დროს ამაღელვებელია.
საქმე ეხება მარსზე რობოტი ფუტკრების გაგზავნას.
ე. წ. მარსფუტკრები ჯგუფურად იფრენენ და შეისწავლიან ატმოსფერულ პირობებს, აიღებენ ნიმუშებს, შემდეგ კი ბაზაზე დაბრუნდებიან (სავარაუდოდ, მობილურ მავალზე).
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობას აქტიურად სწავლობს. შემოწმების უმთავრესი ეტაპები განხორციელდება ვაკუუმურ კამერაში, სადაც სიმულირებული იქნება მარსის აირთა სიმკვრივე, რათა გაირკვეს, მართლაც შეძლებენ თუ არა ეს დინჯი ფრთიანი რობოტები წითელ პლანეტაზე ფრენას.
რობოტები, რომელთაც არ დააბრკოლებთ მარსის უსწორმასწორო ზედაპირი და რომლებსაც შეეძლებათ ახალ სიმაღლეებს მისწვდნენ სასურველ პოზიციაზე, მეცნიერებს წარმოუდგენლად დაეხმარება წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში.
„წინასწარი გათვლები გვიჩვენებს, რომ ჭრიჭინას ფრთებიან მოზრდილ რობოტ ფუტკრებს მარსის ატმოსფეროში საკმაოდ მაღლა ასვლა შეეძლებათ. გარდა ამისა, საჭირო ენერგიას ისინი ფრთების სტრუქტურაში არსებული ენერგიის შემკრები ახალი მექანიზმისგან მიიღებენ“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ალაბამის უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინჟინერი ჩანგ-კვონ კანგი.
NASA-ს პროექტ Innovative Advanced Concepts initiative-ის ფარგლებში, იაპონელი და ამერიკელი მკვლევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა იდეების დასახვეწად 125 000 დოლარი მიიღო.
სინამდვილეში, იაპონურმა ჯგუფმა უკვე შექმნა კოლიბრის მსგავსი რობოტი, რომელსაც დედამიწის ატმოსფეროში აფრენა შეუძლია. მთავარი გამოწვევა ახლა ისეთი ფრთების შექმნაა, რომელიც მარსის გაცილებით თხელ აირებში ფრენას შეძლებს.
ფორმულის საკვანძო ნაწილი იქნება ინერციული ძალა და მარსფუტკრების მოძრაობის მაქსიმალურ დონემდე გაზრდა მინიმალური ენერგიის ხარჯზე. ფრთების ძირში დამონტაჟებული სპეციალური ხელსაწყოები შეინახავს ნებისმიერ ჭარბ ენერგიას.
ჯგუფის განცხადებით, ბზუილა მინიატურული დრონების გუნდი შეიძლება გადანაწილდეს მრავალი სხვადასხვა კონფიგურაციით. გარდა ამისა, თუკი ერთი რობოტი მწყობრიდან გამოვა, მას დანარჩენები წაიღებენ. საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტულ მარსფუტკარს გუნდისგან დამოუკიდებლად გაფრენაც შეეძლება.
პირველადი გეგმის მიხედვით, ფუკტკრების ბაზა იქნება მარსმავალი, რომელიც დამმუხტავი სადგურის როლს შეასრულებს და მათ მიერ მოტანილ მონაცემებს დედამიწაზე გადმოსცემს. თუმცა, საკომუნიკაციო ინსტრუმენტებითა და სენსორებით აღჭურვილი იქნება თითოეული ფუტკარიც.
მარსის სამომავლო მისიისთვის ამ გეგმის რეალობად ქცევამდე ჯერ დიდი დრო რჩება. გასაუმჯობესებელია აფრენისა და დაჯდომის ტექნიკა, ასევე, რეალურად რა უნდა გააკეთონ რობოტებმა ჰაერში ფრენისას. ეს ყველაფერი განვითარების მეორე ეტაპის ამოცანებია.
თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება ვიხილოთ მარსზე მოზუზუნე რობოტი ფუტკრების არმია, რომლებიც მუყაითად სინჯავენ წითელი პლანეტის ატმოსფერულ გაზებს და აწარმოებენ სხვა დაკვირვებებს. სიმსუბუქიდან გამომდინარე, მარსზე მათი გაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი რაკეტით.
თუ მარსზე ცხოვრება და განვითარება გვსურს, ცხადია, პლანეტის შესახებ წინასწარ უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით