NASA მარსის ერთწლიან სიმულირებულ მისიაში მონაწილეობის მსურველებს ეძებს — #1tvმეცნიერება
18:29, 11.08.2021
NASA მარსზე ცხოვრების ერთწლიან სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებს აგროვებს; შერჩეული კანდიდატები სრულად შეიგრძნობენ, როგორია წითელ პლანეტზე ხანგრძლივ მისიაში წასულ ასტრონავტად ყოფნა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ იქნება უსაქმოდ ყოფნის ბანაკი დროის გასატარებლად.
სიმულაციური მისია, სახელად CHAPEA, საკმაოდ სერიოზული პროექტია, რომელიც ყველა იმ სირთულეს იმეორებს, რაც შეიძლება იზოლირებულ ცენტრს შეიძლება შეხვდეს მარსზე.
„ეს ანალოგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოსავალთა ტესტირებისთვის, რათა დავაკმაყოფილოთ მარსის ზედაპირზე ცხოვრების კომპლექსური საჭიროებები. დედამიწაზე ჩატარებული ასეთი სიმულაციები დაგვეხმარება იმ ფიზიკური და მენტალური გამოწვევების გაგებასა და გადაჭრაში, რომლებიც შეიძლება ასტრონავტებს შეექმნათ“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი გრეის დუგლასი.
პროგრამა CHAPEA მოიცავს სამ ანალოგურ მისიას, რომელთაგან პირველიც, ამჟამად მონაწილეთა შეკრების ფაზაშია და მისი დაწყება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იგეგმება 2022 წლის შემოდგომაზე. შემდეგი ანალოგები 2024 და 2025 წლებში დაიწყება.
თითოეული სიმულაცია ოთხწლიანია და ეკიპაჟის ოთხი წევრი Mars Dune Alpha-ში იცხოვრებს — 160 კვადრატულ მეტრიან საცხოვრებელში, რომელიც იზოლირებულად იქნება განთავსებული ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში.
ეს გიგანტური საცხოვრებელი მოდული 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. მასში ცხოვრებისას, ეკიპაჟის წევრები რიგ პრობლემებს შეეჩეხებიან და ამოცანებსაც შეასრულებენ: ჩაატარებენ სამეცნიერო კვლევებს, შეაკეთებენ მწყობრიდან გამოსულ საგნებს და წარმართავენ სადგურის შეზღუდულ რესურსებს.
სხვა მოთხოვნებს შორის იქნება კომუნიკაციების გაცვლა, ვირტუალური რეალობისა და რობოტული სისტემების ექსპერიმენტები, ასევე შესაძლოა, ღია კოსმოსში გასვლის სიმულირებაც კი.
NASA-ს ანალოგური მისიების დიდი ისტორია აქვს; პირველი ასეთი სიმულაცია 1990-იანი წლების ბოლოს არიზონაში ჩატარდა და მათი მთავარი სამიზნე ძირითადად მარსია.
თუმცა, ახალ ანალოგში ყველაფერი უფრო სხვანაირი, გაცილებით დახვეწილი იქნება. შემქმნელთა განცხადებით, ეს გახლავთ უმაღლესი სანდოობის სიმულირებული საცხოვრებელი, რაც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია. მისი მიზანი ძალიან კონკრეტულია — ადამიანების მომზადება სხვა პლანეტაზე საცხოვრებლად.
Mars Dune Alpha-ში ეკიპაჟის ყოველ წევრს საკუთარი განყოფილება ექნება მოდულის თითოეულ კუთხეში. არის სამუშაო ზონები, მცენარეების მოსაყვანი სადგურები, სამედიცინო განყოფილება, სამზარეულო, ფიტნეს-სივრცე და საერთო საცხოვრებელი ზონები.
შესაძლებელი იქნება განათების, ტემპერატურისა და ხმის სისტემების მორგება. ავეჯის დიდი ნაწილი მოძრავია და ეკიპაჟის წევრებს მათი განლაგება საჭიროების მიხედვით შეეძლებათ.
თითქოს ზედმეტად მიმზიდველი ჩანს, მაგრამ არ შეცდეთ: ეს დასვენება არ გახლავთ.
„უზუსტესი მონაცემების მისაღებად, საცხოვრებელი რაც შეიძლება მიმსგავსებული იქნება მარსს; მათ შორის იქნება გარემოს სტრესული ფაქტორებიც, მაგალითად, შეზღუდული რესურსები, იზოლაცია, აღჭურვილობის გაუმართაობა და მნიშვნელოვანი დატვირთვა“, — წერს NASA.
ამ ყველაფრისთვის თავის გასართმევად, NASA 30-დან 55 წლამდე ჯანმრთელ, მოტივირებულ ადამიანებს ეძებს, რომელთაც თავგადასავლების ძლიერი სურვილი აქვთ; მონაწილეები აშშ-ის მოქალაქეები ან მუდმივი რეზიდენტები უნდა იყვნენ.
წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს არამწეველი, სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურს და ჰქონდეს ფართო გამოცდილება STEM მიმართულებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) — მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და ორწლიანი პროფესიული გამოცდილება; ასევე მიიღებიან პილოტები, რომლებსაც ფრენის სულ მცირე 1000-საათიანი გამოცდილება აქვთ.
ასევე საჭიროა იყოთ კარგ ფორმაში, რათა ჩააბაროთ NASA-ს ხანგრძლივი ფრენის ფიზიკური ტესტი.
როგორც ხედავთ, მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, მაგრამ აშკარად წარმოაჩენს, რა დონის პროგრამასთან გვაქვს საქმე და რამდენად სერიოზულად ეკიდება NASA ამ კვლევას.