NASA-მ ოთხი მოხალისე მარსის სიმულირებულ გარემოში ერთი წლით ჩაკეტა — #1TVმეცნიერება
11:00, 03.07.2023
2023 წლის 25 ივნისს, მოხალისეთა ოთხკაციანი ჯგუფი სიმულირებულ მარსულ საცხოვრებელში შევიდა, საიდანაც მომდევნო ერთი წელი ვერ გამოვლენ. მათი მისიაა უფრო მეტი შეისწავლონ დიდი ხნის განმავლობაში სხვა პლანეტაზე ცხოვრებისას ლოგისტიკის და ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ.
მისიის სახელია CHAPEA და პირველია 2026 წლამდე დაგეგმილ სამ სიმულაციას შორის, რომელთაგან თითოეული მეცნიერებს თანდათან მეტს ასწავლის იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ადამიანის ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის წარმატებისთვის.
CHAPEA ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ფრენათა ცენტრშია ბაზირებული. საცხოვრებელი გარემო, რომელსაც მარსის დიუნა ალფა ეწოდება, 518 კვადრატული მეტრის ფართობის 3D პრინტერზე დაბეჭდილ საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს, რომელშიც ეკიპაჟი იცხოვრებს, იმუშავებს, ივარჯიშებს, დაიძინებს და ექსპერიმენტებს შეასრულებს.
ვირტუალური რეალობის საშუალებით, მისია ასევე ჩაერთვება დამატებით სატრანსპორტო აქტივობებში (EVA),რომლებშიც ეკიპაჟის წევრები ცოტა ხნით დატოვებენ საცხოვრებელ სივრცეს და შევლენ დამატებით სივრცეში, რომელიც წითელი ქვიშით არის სავსე. ეს სიმულირებული კოსმოსური გასვლები მათ სკაფანდრებით უნდა შეასრულონ.
ოთხკაციან ეკიპაჟში შედიან კელი ჰიუსტონი (ბიოლოგი), როს ბროკუელი (სტრუქტურული ინჟინერი), ნათან ჯონსი (ექიმი) და ანკა სელარუ (საზღვაო ბიოლოგი). მისიაში დამტკიცებამდე, მათაც იგივე ტესტირება ჩააბარეს, რასაც ასტრონავტობის კანდიდატები გადიან.
„აქ მიღებული ცოდნა ადამიანების მარსზე უსაფრთხოდა გაგზავნასა და უკან დაბრუნებაში დაგვეხმარება“, — ამბობს მისია CHAPEA-ს მთავარი მკვლევარი გრეის დუგლასი.
ეს მისია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დახურულ ბინებში ცხოვრება. ეკიპაჟს გარესამყაროსთან კომუნიკაცია მხოლოდ დროის დაყოვნებით შეეძლებათ. მარსზე დედამიწიდან გაგზავნილი შეტყობინება 22 წუთში მიდის და სწორედ ასეთი შეზღუდვა შეიტანეს მისია CHAPEA-შიც (გაგზავნა-გამოგზავნა ჯამში 44 წთ).
ამას გარდა, ეკიპაჟის კვების რაციონში გაყინვით გამომშრალი საკვები იქნება, ისეთი, რასაც მარსის ასტრონავტები შეჭამენ და მათი აქტივობების გეგმაც რეალური მისიის მსგავსი იქნება.
„ამ მისიის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. NASA-ს მეცნიერები კრიტიკულ ინფორმაციას მიიღებენ მარსის მისიის ფიზიკური და ქცევითი ასპექტების შესახებ“, — ამბობს უფროსი სამეცნიერო ოფიცერი ჯუდით ჰეიესი.
კოსმოსური მისიის ანალოგადაა დაპროექტებული თავად საცხოვრებელი გარემოც. ყველაფერი, რაც მარსზე დედამიწიდან არის საჭირო, ზედმეტად ძვირადღირებულია და შესაბამისად, ეკიპაჟის საცხოვრებელი გარემო 3D პრინტერზე დაბეჭდეს, რათა შეემოწმებინათ რესურსების ადგილზე უტილიზაციის ტექნოლოგიები.
საცხოვრებელი გარემო მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც არის საჰაერო კამერები, ლიუკები და სამედიცინო პუნქტი. მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში ეკიპაჟს სივრცის დატოვება შეუძლია, მათ იმედი აქვთ, რომ ამ მხრივ მხოლოდ მცირე შემთხვევები ექნებათ, რასაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან.
რა თქმა უნდა, CHAPEA0ს ყველაფრის სიმულირება არ შეუძლია. მაგალითად, ეკიპაჟის წევრები ვერ გამოცდიან მარსის გრავიტაციას. მაგრამ იქნება „მოულოდნელი“ გამოწვევები, მაგალითად, ეკიპირების მწყობრიდან გამოსვლა ან წყლის დეფიციტი.
საბოლოო ჯამში, CHAPEA-ს მიზანია, ვისწავლოთ, რა ქცევითი ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას ხანგრძლივ მისიაში. ამის აქ, დედამიწაზე გამოცდით, NASA მარსის მომავალ ასტრონავტებს უკეთესად მოამზადებს.
მისია CHAPEA1-ის ეკიპაჟი იზოლაციიდან 2024 წლის ივლისში გამოვა.