NASA-მ ასტეროიდ ბენუდან ჩამოტანილი ნიმუშების კონტეინერი გახსნა — #1tvმეცნიერება
მისია OSIRIS-REx-ის დედამიწაზე დაბრუნებიდან 3,5 თვის შემდეგ, NASA-მ მის მიერ ასტეროიდ ბენუდან ჩამოტანილი ნიმუშების კონტეინერი როგორც იქნა გახსნა და შიგთავსის მაღალი ხარისხის ფოტოებსაც აქვეყნებს.
ასეთი დაგვიანების მიზეზი ის არის, რომ კონტეინერის შესაკრავები ძლიერ მჭიდროდ იყო შეკრული. მათი გახსნა საბოლოოდ 10 იანვარს მოხერხდა.
19 იანვარს, NASA-მ კონტეინერის შიგთავსის ფოტოები გამოაქვეყნა — ეს გახლავთ შავი მტვერი და 1 სმ სიგრძის ქვის ნამსხვრევები.
ნიმუშები ხომალდმა OSIRIS-REx-მა დედამიწის თავზე გადაფრენისას, 24 სექტემბერს ჩამოუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ გარე კაფსული საკმაოდ ადვილად გახსნეს და იქ ასტეროიდის 70 გრამი მტვერი აღმოჩნდა, ნიმუშების უმეტესობა კონტეინერ TAGSAM-ში იყო, რომელიც იმდენად მჭიდროდ იყო დალუქული, რომ გახსნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
ნიმუშების სრული კატალოგიზაცია წლის ბოლოს დასრულდება და შემდეგ, მისი გარკვეული ნაწილის მოთხოვნას კვლევებისთვის, მსოფლიოში ყველა მეცნიერი შეძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ ნიმუშების 75 პროცენტს სამომავლო კვლევებისთვის შეინახავენ.
ხომალდ OSIRIS-REx-ს ახლა უკვე OSIRIS-APEX-ი ჰქვია და სხვა ასტეროიდისკენ, პოტენციურად საშიშ ობიექტ აპოფიზისკენ მიემართება. მათი შეხვედრა 2029 წელს შედგება.