ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებსა და საპატიმრო სასჯელებზე მთავრობა პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს
საქართველოს მთავრობა ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.
როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, უწყებათშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე არ გამართულა, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებულია და, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება.
მისი ინფორმაციით, უწყებათშორისმა კომისიამ ორი წინადადება განიხილა, რომელთაგან ერთ-ერთი მონიტორინგის სამსახურის ცენტრის შექმნის საკითხს ეხებოდა, მეორე – ფსიქოაქტიურ და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დოზების განსაზღვრას.
„საუბარია ექვს-შვიდ ფსიქოაქტიურ და ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელსაც საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად მოიხმარენ. კერძოდ, მსჯელობა იყო დოზების განსაზღვრაზე – მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე. რეალურად, მცირე დოზები განსაზღვრული საერთოდ არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი რაოდენობის, ნაწილაკის ან შპრიცში ჩარჩენილი ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანი ციხეში მიდიოდა. ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, სანამ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება. საქართველოში ყველაზე ხშირად მოხმარებადია – „ემდიემეი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსტი“, „დეზომორფინი“, და „მეტადონი“ ა.შ. ეს თითქმის ყველა ის ძირითადი ნივთიერებაა, რომელთა მცირე დოზები დღემდე არ არის განსაზღვრული. იდეაა, რომ შპრიცში ჩარჩენილი ოდენობების გამო ადამიანები ციხეში აღარ წავიდნენ“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატი აკონკრეტებს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას ეკუთვნის და მასზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში ინიცირების შემდეგ დაიწყება, თუმცა პარალელურად კონსულტაციები გაგრძელდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზეც.
„სანამ ამ კანონპროექტზე ვმსჯელობთ, ის სიტუაცია აღარ უნდა გაგრძელდეს, როდესაც შპრიცში ჩარჩენილი ოდენობების გამო ადამიანებს იჭერენ და ეს თემა უნდა მოიხსნას, მიუხედავად იმისა, დანარჩენ მუხლებთან დაკავშირებით რაზე შევთანხმდებით. ახალ ცვლილებებში საუბარი იქნება დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ მინიმალური სასჯელი სამიდან ექვს წლამდე იყო, შეიძლება, ადამიანს უფრო ნაკლებიც მიუსაჯონ, ვიდრე სამი წელია“, – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.
შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ახალი ცვლილებები იმ ადამიანებსაც შეეხოთ, რომელთაც პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ, ზოიძე აცხადებს, რომ შეიძლება ვისაც მისჯილი აქვს, მათი საქმეები გადაიხედოს.
რაც შეეხება მონიტორინგის სამსახურის ცენტრის შექმნას, ზოიძე ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ამ სამსახურის საშუალებით ცნობილი გახდება, ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე საკანონმდებლო ცვლილებები როგორ მოქმედებს, რამდენი ნარკოდამოკიდებული ადამიანია და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რამდენად სწორი პოლიტიკა წარიმართება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ უკვე მხარდაჭერილია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ავტორი აკაკი ზოიძეა. აღნიშნული პროექტის განხილვა სესიაზე ამ დრომდე არ მომხდარა და ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც ორი თვით გადაიდო. პროცესის შეჩერების მიზეზი მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. კანონპროექტის წინააღმდეგ „კონსერვატორები“ და რამდენიმე დეპუტატი გამოდიან.