ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს

მეცნიერთა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და დაინტერესებული პირებით. აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, ჯემალ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ალტერნატიული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დღეს არსებულ რეალობას, ასევე უნდა მოიცავდეს, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებს, პრევენციასა და ნარკომომხამარებელთა რიცხვის შემცირებას.

მისივე მოსაზრებით, შესაძლებელია ახალი პროექტის შექმნა, რომელიც შემდეგ განსახილველად საზოგადოებას წარედგინება.

ცნობილია, რომ მეცნიერები დღეს არსებულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, არგუმენტად კი სანქციების ჰუმანურობას და მომხმარებელთა რაოდენიბის გაზრდას ასახელებენ.

მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან საპატრიარქოს შენიშვნები აქვს. კანონპროექტის განხილვის საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, საჭიროა რიგი საკითხების დროულად გადაწყვეტა.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც „კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან(წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი.

ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც.

კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.