ნაპოვნია ფრედი მერკურის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც სამუდამოდ დაკარგული ეგონათ [ვიდეო]
რამდენიმე საათის წინ „ბიბისი რადიო 2“-ის ეთერით საზოგადოებამ პირველად მოისმინა კომპოზიციის Time Waits For No One ჩანაწერი. თავდაპირველად ეს სიმღერა 1986 წელს მიუზიკლისთვის „დრო“ (Time) დაიწერა.
მაშინ ამ კომპოზიციის ვერსია, „ქვინის“ სოლისტის ხმის გარდა, ათეულობით სხვა ბექვოკალისტის ხმასაც შეიცავდა. ახლახან აღმოჩენილი ჩანაწერი რეპეტიციის დროს არის ჩაწერილი და მასში მხოლოდ ფრედი მერკურისა და ფორტეპიანოს ხმა ისმის.
სიმღერა 1960-იან წლებში მუსიკოსმა დეივ კლარკმა დაწერა.
2017 წელს, 10-წლიანი ძებნის შემდეგ, კლარკმა სწორედ ის სარეპეტიციო ჩანაწერი იპოვა, შემდეგ კი მაიკ მორანი მოიწვია, რომელიც ორიგინალურ ვერსიაში უკრავს და ფორტეპიანოს ვერსია ხელახლა ჩააწერინა.
„შედეგად სრულიად ახალი, ყოველგვარ ზედმეტს მოკლებული ვერსია გამოვიდა, სადაც აქცენტი სრულად მერკურის ემოციურ ვოკალზეა გაკეთებული“, – წერს „ბიბისი“.
„საბოლოო ვერსიის მოსმენისას ისევ ჟრუანტელმა დამიარა, როგორც წლების წინ ამ ვერსიის მოსმენიასას“, – ამბობს დევიდ კლარკი.