იაპონელი ნაომი ოსაკა მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანია.
ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა და იაპონელი ნაომი ოსაკა თამაშობდნენ. აქამდე, კვიტოვას ორჯერ ჰქონდა მოგებული უიმბლდონი, ოსაკა კი აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ორივენი პირველად თამაშობდნენ ავსტრალიის ღიას ფინალში. ამ მატჩს დამატებითი დატვირთვა ჰქონდა – მოგებული მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ხდებოდა.
პირველმა სეტმა უბრეიკოდ ჩაიარა, არადა ჩოგბურთელებს ერთმანეთის გეიმების აღების არაერთი შანსი ჰქონდათ: კვიტოვას ხუთი, ოსაკას – სამი, აქედან ორი სეტბოლი იყო მე-12 გეიმში. პარტიის მიწურულს იაპონელის უპირატესობა იგრძნობოდა და ეს ტაი-ბრეიკზე კარგად გამოჩნდა, სადაც ოსაკამ ორი მინი-ბრეიკი შეასრულა, თავის მოწოდებაზე კი არც ერთი ქულა არ წააგო. მე-13 გეიმში კვიტოვამ ერთი ქულისმომტანი დარტყმაც კი ვერ შეასრულა – 7:6(7:2).
სამაგიეროდ, ჩეხმა უკეთ დაიწყო მეორე სეტი და მატჩში პირველი ბრეიკით 2:0 დაწინაურდა. მესამე გეიმში მას სამი გეიმ-ბოლი ჰქონდა და შეეძლო 3:0 წაეყვანა ანგარიში, მაგრამ ოსაკამ მოიგო 14-გათამაშებიანი გეიმი და თამაშში გარდატეხა შეიტანა – იაპონელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და მიახლოვდა ტიტულს. სეტის კულმინაცია გახდა მეცხრე გეიმი, რომელშიც ოსაკა მიღებაზე 40:0 დაწინაურდა და სამმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ კვიტოვამ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და გეიმი გადაარჩინა. ამის შემდეგ, ოსაკას მატჩზე ჩაწოდების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 5:4-ზე საკუთარი გეიმიც დათმო, შემდეგ კიდევ ორი გეიმი წააგო და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
ამგვარმა ქამბექმა მაინც ვერ მოუტანა კვიტოვას გადამწყვეტი უპირატესობა. ოსაკამ დაიბრუნა ის თამაში, რომელიც პირველ სეტსა და მეორე სეტის პირველ ნახევარში ჰქონდა. ამან მას ბრეიკი მოუტანა და ის ერთადერთი აღმოჩნდა მთელს პარტიაში. 7:6(2), 5:7, 6:4 ორაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ.
ასე რომ, 21 წლის ოსაკა “დიდი სლემის” ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ის არის პირველი იაპონელი, ვისაც მელბურნში მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული.