ნანა ქადაგიშვილი - შოკში ჩავვარდი, მუხლები მომეკვეთა, რომ დავინახე, რა ხდებოდა ორთაჭალის ციხის საკანში
ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს, შოკში ჩავვარდი, მუხლები მომეკვეთა, რომ დავინახე, რა ხდებოდა საკანში. ფანჯარას არ ჰქონდა მინა, არ იყო გათბობა, ცხელი წყალი, დაბანის საშუალება, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა.
ნანა ქადაგიშვილის თქმით, ასეთ პირობებში იმყოფებოდა ზამთრის თვეებში.
„ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს, შოკში ჩავვარდი, ცუდად გავხდი, მუხლები მომეკვეთა, რომ შევედი და დავინახე, რა ხდებოდა იმ საკანში და როგორი ვითარება იყო. მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და ხუთი თვე ვიყავი. თანდათან აცივდა, არ იყო გათბობა, ცხელი წყალი, დაბანის საშუალება, არანაირი მინა არც დეკემბერში, არც იანვარში და არც თებერვალში. ეს პერიოდები იქ ვიყავი“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
კომისიის სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა ასევე ისაუბრა მისი მეუღლისა და შვილის საკანზე და იქ არსებულ პირობებზე.
„ჩვენს საკანში ორ-ორი ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი. ისინი „მოდულის შენობიდან“ როცა გადაიყვანეს ორთაჭალის ციხეში, როგორც ამირანი და აჩიკო მიხსნიდნენ, ოთახი დაახლოებით 20-25 კვადრატული იქნებოდა. ოთახში იდგა ექვსი ორსართულიანი საწოლი, ამის გარდა, იყო 80 კაცი და მორიგეობით იძინებდნენ. 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდა. ორ საათზე მეტს ვერ იძინებდნენ, შემდეგ გაგაღვიძებდნენ და სხვა იძინებდა, დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ. წარმოიდგინეთ, 24 საათში ორი საათი. კატასტროფული სიცხე იყო და ვინმეს გული რომ უწუხდებოდა, კი ვერ ვარდებოდა, გვერდზე მყოფი იჭერდაო, რადგან „სილიოტკებივით“ ვიყავით ჩაწყობილი და ერთმანეთზე მიკრულიო“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.