„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - მზად ვართ დიალოგისთვის პრემიერთან ან მის წარმომადგენელთან, თუ ნამახვანში შეგვიშვებენ
მზად ვართ დიალოგისთვის მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ორივე მხარე დათმობს საკუთარ პოზიციებს, მზად ვართ დიალოგისთვის პრემიერთან ან მის წარმომადგენელთან, რომელსაც შეეძლება გადაწყვეტილების მიღება, თუ სოფელ ნამახვანში შეგვიშვებენ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მირზა ნოზაძემ აქციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მირზა ნოზაძემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ ისაუბრა.
„გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ორივე მხარეს საკუთარი პოზიციები დათმობილი აქვს და მსჯელობა და დიალოგი მიმდინარეობს იმიტომ, რომ მოხდეს კითხვების გაცვლა, პასუხებში ჩაძიება. ამას აუცილებლად სჭირდება ფორმატი, სადაც ორივე მხარე ულტიმატუმების ენით საუბარს შეწყვეტს და ჩვენ მზად ვართ, იმ ფორმატში, დიალოგისთვის პრემიერთან ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელთან, რომელსაც შეეძლება გადაწყვეტილების მიღება. მზად ვართ ამ დიალოგისთვის იმ პირობებით, თუ ნამახვანში ჩვენი დაბრუნება მოხდება, თუ ხელისუფლება უკანონოდ გამართულ რკინის კედელს მოხსნის და არ შეზღუდავს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ და კანონის ფარგლებში გავაპროტესტოთ, რაც გვინდა და სადაც გვინდა.
ჩვენ ასევე მოვითხოვთ და ეს არა ერთხელ გვითქვამს, თუ მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, ნუ შეეცდება სახელმწიფო მოგველაპარაკოს სხვადასხვა ენით. ჩვენთან ის ვერ მოილაპარაკებს, გარდა ჭეშმარიტების დამტკიცებისა. თუ აღმოჩნდება, რომ ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, უნდა იკისროს პასუხისმგებლობა პრემიერმა და გააუქმოს ხელშეკრულება, გამოაცხადოს მორატორიუმი და ჩვენ დავიწყოთ საყოველთაო განხილვა, როგორ ვმართოთ ჩვენი ენერგორესურსი, როგორ შევქმნათ ის ენერგოპოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ხალხის ნებას და ნამდვილად მოგვიტანს კეთილდღეობას“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.