„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დღესაც ეცდებიან, კომპანია „ენკას“ ტექნიკისა და მუშების გადაადგილებას ხელი შეუშალონ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაკა სულაძის განცხადებით, მათი მიზანი დღესაც კომპანია „ენკას“ ტექნიკისა და მუშახელის გადაადგილებისთვის ხელის შეშლა იქნება.
„დღესაც, როგორც წინა დღებში, ვცდილობთ, შევაფერხოთ კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებებისა და მუშახელის გადაადგილება. ნუ, ჯერჯერობით არ გამოჩენილან. მეორე გზიდან, საუბარია შემოვლით გზაზე, იქაც ჩვენი ბიჭები არიან და კარავია გაშლილი, მაგრამ არ ვიცი, წინასწარ ჰყავთ გაყვანილი. სავარაუდოდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის მანქანების იყენებენ მუშახელის გადასაადგილებლად. ჩვენ ახლა ამის შემოწმების მექანიზმი არ გვაქვს და ვერც დავამტკიცებთ ამას, რომ ნამდვილად ასეა და ეს უბრალოდ ვერსია ვრცელდება ასეთი“, – განაცხადა მაკა სულაძემ.
საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილის, მარიტა მუსელიანის თქმით, ტექნიკა ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა. მუსელიანის განცხადებით, ორგანიზატორები ცდილობენ, გააკონტროლონ, რომ ადგილზე ვითარებამ უკონტროლო სახე არ მიიღოს და კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.
„ისევ ვრჩებით იმავე გეგმების ფარგლებში, რომ შევაჩეროთ ტექნიკის გადაადგილება. ახლა ტექნიკა ჯერჯერობით არ გამოჩენილა, ამიტომ რამე საფუძველი, ახლა მანქანები ვამოწმოთ, ვინმეს მანქანაში ხო არ ზის ან მით უმეტეს, პოლიციის, არ გვაქვს. ვეცდებით, ყველანაირად გავაკონტროლოთ ისე, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდეთ. დესტრუქციაში გადასვლა ჩვენთვის მიუღებელია. გეგმებს რაც შეეხება, ვნახოთ. გუშინდელი შეხლა-შემოხლაც, ყოველდღიურად დაძაბულობა იზრდება და მუხტი იმატებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ჩამოყალიბდეს კონსტრუქციულ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო, არ მოხდეს რამე ისეთი ხასიათის გადაცდომა, რადგან იმხელა კანონდარღვევასთან გვაქვს ხელისუფლების მხრიდან საქმე, რომ ადამიანებს ემოციების გაკონტროლება ძალიან უჭირთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ემოციები კალაპოტს არ გადასცდეს“, – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.