„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი სოფელ გუმათში, კარავში აპირებს ღამის გათენებას
სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს, აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას აპირებს. მათი თქმით, გუმათში პროტესტის მეორე ლოკაცია გაჩნდება, რადგან სოფელ ნამახვანისკენ მისასვლელი გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
„შეზღუდვები ჩვენს გეგმებში არაფერს ცვლის, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ვუერთდებით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც არიან სოფელ ნამახვანში, და ფაქტობრივად, ალყაში, რადგან რაჭის მხრიდანაც და გუმათიდანაც დაკეტილია გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც 160 დღის განმავლობაში გვაქვს დაყენებული და ვაჟღერებთ. რაც შეეხება დღევანდელ ღამეს, ვათენებთ, როგორც გუშინ გავათენეთ განსხვავებით იმისა, რომ გუშინ დაგვაჯარიმეს, დღეს არის პირობა, რომ არ შეგვეხებიან, რადგან ეს არის უკვე აქციის სახე, გუშინდელზე გვითხრეს, რომ სხვანაირი ფორმატის იყო, მთავარია, გზაზე არ ვიაროთ“, – განაცხადა აქციის მონაწილე დავით აბრამიშვილმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, მირზა ნოზაძის თქმით, ვინაიდან გადაადგილება შეეზღუდათ და ნამახვანის კარვებში მყოფ აქტივისტებს ვერ შეუერთდნენ, იძულებული გახდნენ, გუმათჰესთან გაეშალათ კარავი.
„იმის გამო, რომ გადაადგილება შეგვეზღუდა და ვერ მოხერხდა ჩვენი შეერთება ნამახვანის კარვებში დაბანაკებულ აქტივისტებთან, იძულებული გავხდით, გუმათჰესთან გაგვეშალა კარავი და ის აქტივისტები, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა კუთხიდან, აქ დაგვებანაკებინა, აქედან შევუერთდეთ იმ საერთო პროტესტს, რომელიც ნამახვანში დღეს სუფევს. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან ეს უკანონო ქმედება გვაიძულებს, რომ გავყოთ ლოკაცია ორად. ანუ, იმის ნაცვლად, რომ არსებობდეს პროტესტის ადგილი მხოლოდ ნამახვანში, ახლა გახდა პროტესტის მეორე ადგილი გუმათჰესი, სადაც ერთ კარავს მიემატება მეორე კარავი, ალბათ, მესამე კარავიც, რადგან აქ მომსვლელთა რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. იგივე ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ გვაქვს ნამახვანში, გაჩნდება გუმათჰესთანაც. ის უკანონო ქმედება, რასაც ახორციელებს სახელმწიფო ჩვენ მიმართ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, იწვევს უკუ რეაქციას. იმის მაგივრად, მათ მიიღონ თითქოს ნაკლები მოძრაობა, პირიქით, იღებენ ორ ლოკაციას და პროტესტის გაძლიერებულ ფორმას. ძალიან ძნელია, ვისაუბროთ მოლოდინებზე, თუმცა გვაქვს ღრმა რწმენა, რომ დღევანდელმა შეკრებამ, მასშტაბმა, მხარდაჭერამ აუცილებლად უნდა ჩააგდოს საგონებელში ხელისუფლება, პოლიცია და მიხვდნენ, რომ იმ გამოწერილ ოქმებს არ აქვს აზრი. ვიმედოვნებთ, რომ დღეს იგივენაირად არ იმოქმედებენ, რაც გუშინ ვიხილეთ“, – აღნიშნა მირზა ნოზაძემ.