„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი მივიდნენ.
როგორც ბარკერმა განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ლგბტ თემის სიმბოლიკიანი სამკლაური გახდა, რომელიც მას ეკეთა. ბარკერი ამბობს, რომ ერთ-ერთმა პირმა სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა.
„დღეს, 12:00 საათზე „რიონის ხეობის მცველებს“ ჰქონდათ გამოცხადებული ულტიმატუმის ვადა, რის მერეც აპირებდნენ ან პიკეტირებას, ან გზის გადაკეტვას. ამის გამო მოვედი. ვიდექი ჩემთვის, წყნარად, დაახლოებით ნახევარი საათი. მერე მოვიდა ვიღაც, მგონი გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ მომეხსნა სამკლაური. ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი, რადგან ორი წელია, ყოველდღე მიკეთია. მერე ატყდა რაღაც გაუგებარი ამბავი“,- განაცხადა ბარკერმა.
ინციდენტის განმუხტვა სამართალდამცველებმა მოახერხეს. ორივე პირი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.